„თქვენ ამ ჯებირით გზას უღობავთ სამართლიანობას“ – ასე მიმართა მალხაზ მაჩალიკაშვილმა მერიის წარმომადგენლებს, რომლებმაც პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორია შემოღობეს.
„მე ჩემს პროტესტს გამოვთქვამ. აქ შემოვალ, კარავს დავდგამ, ბანერს დავდგამ. რას ვითხოვ? მითხარით, რატომ მომიკალით შვილი და ის მითხარით, ვინ მომიკლა“, – ამბობს თემირლან მაჩალიკაშვილის მამა.
„ასეა საჭირო და ამიტომ შემოვღობეთ“ – თქვა ადგილზე მყოფმა მერიის თანამშრომელმა.
„დღეს ვიწყებთ პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია“. – მოგვიანებით ასე განმარტა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, პარლამენტის წინ რკინის ჯებირების ჩადგმის მიზეზი.
„იქნება ახალი ფილები, ფანტანები, გამწვანებითი სამუშაოები…“ –ამბობს კალაძე.
ეს არის ტერიტორია, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პერმანენტულ აქციებს მართავდა. აქ განთავსებული იყო, სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი. ის უკვე წლებია, შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. აღნიშნული კარავი მერიამ წინასაახალწლოდ აიღო და მის ადგილას საბავშვო ატრაქციონები დადგა.
ამ მომენტისთვის ატრაქციონები უკვე აღებულია, თუმცა ტერიტორია მწვანეადასაფარებლიანი მოაჯირებითაა შემოსაზღვრული.