ამ კაბინეტში არის შანსი, საშვილიშვილო შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი | „მოქალაქეები“ პარლამენტში მივიდნენ

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში მივიდნენ. საკანონმდებლო ორგანოში ისინი პარლამენტის თავმჯდომარესა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს შეხვდებიან, სავარუდოდ – „ოცნების“ სხვა ლიდერებსაც.

„მოვედით, რადგან გუშინაც იყო კომუნიკაცია ჩვენთან, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გავმართოთ. შეიძლება მივიდეთ საბოლოო შეთანხმებამდე, შეიძლება ვერ მივიდეთ.

რა თქმა უნდა, გუშინდელმა ფაქტმა ძალიან კარგი ფონი შეუქმნა ამ ყველაფერს [ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლება], გააღრმავა ნდობა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, ნამდვილად. ჩვენ ველოდით რომ ეს ასე მოხდებოდა. ეს მოლაპარაკების შედეგია. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია, სხვა საკითხებზეც წინ წავიწიოთ  და სხვა საკითხებზეც შევთანხმდეთ, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი გვაქვს.

პოლიტპატიმრების გათავისუფლება ჩვენ ვთქვით, რომ არის ერთჯერადი საკითხი, მაგრამ რაც შეეხება საარჩევნო სისტემის, ადმინისტრაციის, წესის ცვლილებას, ეს არის საშვილიშვილო საქმე და ამ კაბინეტში არის იმის შანსი, რომ საშვილიშვილო შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ“, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

„მოქალაქეების“ ლიდერები მმართველი გუნდის წევრებს 22 იანვარსაც შეხვდნენ. მათი თქმით, მოლაპარაკება ეხებოდა საარჩევნო კოდექსის ცვლილება, ცესკოს რეფორმას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პლებისციტის სახით მიღებას.

content image