ამ კადრებზე ასახულია არაადამიანური მოპყრობა სააკაშვილის მიმართ - საძაგლიშვილი

პუბლიკა

„ამ კადრებზე ასახულია არაადამიანური მოპყრობა სააკაშვილის მიმართ, რაზეც ვაპელირებდით ზუსტად – ღირსების შემლახველი მოქმედება მესამე პრეზიდენტის მიმართ, რაც, ბუნებრივია, სამწუხაროა“, – ასე შეაფასა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა, იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები, რომელზეც, უწყების ცნობით, გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის შესახლების კადრებია ასახული.

„აღნიშნული კადრებით ნათლად დასტურდება ის, რომ პენიტენციური სამსახური იტყუებოდა, როდესაც კადრები გაავრცელეს და იტყუებოდნენ, რომ იძულებით არავინ წაგვიყვანიაო. წვრილფეხა ტყუილია, როდესაც ამბობ, რომ იძულებით არ წამიყვანია, მაგრამ ადამიანი მოტყუებით გყავს წაყვანილი.

ჩვენ პირველივე დღეს ვთქვით ეს, რომ ის მოატყუეს, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, რის გამოც საკუთარი ნებით დასთანხმდა ამ გადაყვანის პროცესს, მაგრამ მერე ვიხილეთ უკვე გავრცელებულ კადრებში მე-18 დაწესებულებაში მოყვანის პროცესი, სადაც ნათლად დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა აღმოაჩინა, რომ ის არ გადაჰყავდათ სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, ის მოიყვანეს გლდანის მე-18 დაწესებულებაში. მიხეილ სააკაშვილი ბუნებრივია, არ სთანხმდებოდა ამ პროცესს და აფიქსირებდა თავის წინააღმდეგობრივ პოზიციას, ეს არის ასახული ამ კადრებზე“, – განაცხადა ადვოკატმა.