ამ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია, რა ეწერება ვეტოში, ნახავთ ორ კვირაში - მსხილაძე

პუბლიკა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ რუსული კანონის შესახებ პრეზიდენტის ვეტო იქნება ტექნიკურად და იურიდიულად გამართული, თუმცა ზუსტად რა ეწერება, ამას საზოგადოება ნახავს 2 კვირაში. მან ასევე მიუთითა, რომ პრეზიდენტი ვეტოს დადების დროს ითვალისწინებს ვენეციის კომისიის დასკვნას. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

„ამ კანონის გაპატიოსნება შეუძლებელია. გამორიცხულია უბრალოდ, რომ აღნიშნული კანონი რაიმე ფორმით შეიცვალოს. რა ეწერება კონკრეტულად ვეტოში, ამას ნახავთ ორ კვირაში. ეს იქნება ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული ვეტო. აღნიშნულ კანონში მუხლობრივ [განხილვაში] და კანონის რაიმე ფორმით [განხილვაში] შესვლას ჩვენ არ ვაპირებთ. წერტილი. ამაზე საუბარი ზედმეტია. მაგას ვაღიარებთ, რომ ზოგადად, ჩვენს ვეტოებში ვენეციის კომისიის დასკვნას ვითვალისწინებთ.

ამ კანონმა იმხელა დაპირისპირება და იმხელა პოლარიზაცია გამოიწვია ქვეყანაში, რომ არსებული ფორმით ამ კანონის ძალაში შესვლა უკვე შეუძლებელი გახდა. ამ კანონს არსებული ფორმით არსებობის საშუალება არ გააჩნია“, – განაცხადა მან.