ამ კვირაში, დღეს-ხვალ, შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია, როდის იქნება „ფაიზერის" დამატებითი დოზები - გამყრელიძე

პუბლიკა

„ფაიზერის რეგისტრაციის პროცესი მალე განახლდება. განახლდება დიდი დოზებით. ჩვენ რამდენიმე დღეში უკვე გვექნება იმის საშუალება, რომ დაზუსტებით მოგახსენოთ, როდის იქნება დიდი დოზების გახსნის შესაძლებლობა, რომ კიდევ თავიდან არ შეიქმნას ასეთი შეზღუდული რეგისტრაციის შესაძლებლობა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ ზუსტ დროს, თუ როდის გაიხსნება „ფაიზერის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია, რამდენიმე დღეში გააჟღერებენ. მანვე განაცხადა, რომ ვაქცინის მოწოდება გრძელდება და საქართველო, მოკლე ხანში, დიდი რაოდენობის ვაქცინის მოწოდებას ელოდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ასევე, ვებგვერდ Booking.moh.gov.ge-ის მუშაობაზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ „სერიოზული მუშაობა ჩატარდა“:

„საიტი გაიმართა, ანუ სერიოზული მუშაობა ჩატარდა მას შემდეგ, რაც ხარვეზები დაფიქსირდა და მოლოდინი ტექნიკურ ჯგუფს აქვს საკმაოდ მაღალი, რომ საიტი იქნება სრულად გამართული და აღარ იქნება შეფერხებები“, – განაცხადა გაბუნიამ.

ჟურნალისტებმა თამარ გაბუნიას სატელეფონო რეგისტრაციის შესახებაც ჰკითხეს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ „ფაიზერის“ მისაღებად რეგისტრაციას აუცილებლად დაემატება სატელეფონო რეგისტრაციაც:

„სატელეფონო რეგისტრაცია აუცილებლად დაემატება. დღეს დამატებულია სატელეფონო რეგისტრაცია სინოფარმსა და სინოვაკზე. ფაიზერზე – არა, ვინაიდან დოზები იყო ძალიან შეზღუდული. როცა დოზების რაოდენობა გაიზრდება, აქაც დაემატება“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამავე თემაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც:

„ფაიზერთან დაკავშირებით დაანონსებულია და იცით, რომ პერიოდული მოწოდება არის ფაიზერის და ამ კვირაში, შეიძლება დღესაც, ხვალაც ჩვენ მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, როდის იქნება დამატებითი დოზები, რომლებიც იქნება რამდენიმე ათეული ათასის ფარგლებში და შესაბამისად, როცა უკვე „ფაიზერის“ ვაქცინები იქნება ჩვენს საწყობში, გამოცხადდება ჯავშნები [რეგისტრაცია] და ასევე, გვეცოდინება, კონკრეტულად რამდენ ვაქცინაზე იქნება ჯავშანი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.