ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცხადებული ახალი რეგულაციები კორონავირუსთან ბრძოლაში პრევენციული ღონისძიებების გაგრძელებაა, თუმცა უფრო გამკაცრებული კონტროლით, რათა ვირუსის გავრცელების „ჯაჭვი გაწყდეს“.
ტიკარაძის თქმით, დღეისათვის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა და მედპერსონალი ვირუსის გავრცელების მასშტაბს უმკლავდება, თუმცა სისტემა ინფიცირების უფრო დიდი ტალღის მისაღებად ემზადება.
„ჩვენ მოვამზადეთ სისტემა იმისათვის, რომ მიგვეღო პირველი ტალღა. ეს პირველი ტალღა რეალურად სისტემამ უკვე მიიღო. ახლა ველოდებით შედარებით უფრო მეტ გავრცელებას მოსახლეობაში. ჩვენ ბოლო კვირის განმავლობაში აღვწერეთ ყველა დამატებითი საავადმყოფო, რომლის ჩართვასაც ვაპირებთ ამ პროგრამაში და ეს არის დამატებით 600-მდე საწოლი, რომელიც დაახლოებით 24-დან 48 საათში მზად იქნება პაციენტების მისაღებად. აღწერილი იქნა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მათი პერსონალის მზაობა პაციენტების მისაღებად და დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ კვირიდან სისტემა მზადაა, მიიღონ ის გაზრდილი ნაკადი, რომელსაც ველოდებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს კონცენტრირებულად სამ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში უმკურნალებენ, რადგან, მათი თქმით, პაციენტების კონცენტრირება რამდენიმე ადგილზე ვირუსთან ბრძოლას გაამარტივებს. „ეს კონცენტრირებული მართვა ჩვენ მოგვცემს უკეთეს ხარისხს“, – დასძენს ტიკარაძე.
მინისტრი ამბობს, რომ კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევა ლუგარის ლაბორატორიის გარდა ქუთაისში, ბათუმსა და თბილისის კიდევ ერთ ლაბორატორიაში დაიწყება.