„ამ პაკეტის მიღება არის უაღრესად მნიშვნელოვანი" – კობახიძე შრომის რეფორმაზე

პუბლიკა

„ამ პაკეტის მიღება არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ვალდებულებები ევროკავშირთან მიმართებით. იმისათვის, რომ განხორციელდეს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმება და შევასრულოთ, ზოგადად, ის ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს ჩვენი თანამშრომლობიდან ევროკავშირთან”, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, შრომის რეფორმის კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

პარლამენტი ამ წუთებში შრომის რეფორმის ინიციატივაზე მსჯელობს. საკითხზე მომხსენებელი თავად ირაკლი კობახიძეა, პროექტის ავტორი კი დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია.

მან საკითხის განხილვამდე მჭიდრო კონსულტაციებისთვის მადლობა გადაუხადა ამერიკელ პარტნიორებს და აღნიშნა, რომ მათი რჩევაც არის ამ პაკეტის მიღება.

„ამ პაკეტის მიღება პირდაპირ არის დაკავშირებული, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან საქართველოსა და აშშ-ს შორის. მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პაკეტის მომზადების პროცესში. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის დიმიტრი ცქიტიშვილს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამ პაკეტის შემუშავებაში და ასევე – ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას. მისი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები იყვნენ უშუალოდ ჩართულები ამ პაკეტის მომზადებაში და განსაკუთრებული მადლობა მათ. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების პროგრამას, ასევე, გაეროს განვითარების პროგრამას და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას“, – განაცხადა კობახიძემ.


საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებს შრომის კოდექსში, და ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ.

პროექტით, შრომის ინსპექციის ზედამხედველობის ფარგლებში ექცევა შრომითი უფლებების აღსრულება. შესაბამისად, შრომის ინსპექციის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება შრომის კოდექსის აღსრულება.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები ეხება შრომითი დისკრიმინაციის ცნებას, შრომით ხელშეკრულებასა და მასში გასათვალისწინებელ პირობებს, არასრულ სამუშაო განაკვეთს, სტაჟირებისა და გამოსაცდელ ვადას, სამუშაო დროის ხანგრძლივობას, სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესს, ზეგანაკვეთურ სამუშაოს, ღამით მუშაობის შეზღუდვას, შვებულების მიცემის წესს, შრომის ანაზღაურებას, შრომითი პირობების დაცვას, კოლექტიურ შრომით უერთიერთობებს და ა.შ.

კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას შრომის ინსპექციის სამსახური, რომლის იურიდიული სტატუსი იქნება – სსიპ და იქნება ჯანდაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული. კანონის მიღების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს რეოგრანიზაცია და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს ამ სამსახურს.

კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობითაა მომზადებული, ინიციატორები კი მასთან ერთად არიან – სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა.