ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა გადამწყვეტია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის - NATO-ის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

პუბლიკა

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯერალდ კონოლი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ, რომელიც მისი თქმით, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე მიმდინარეობს, განცხადებას ავრცელებს.

NATO-ის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, იმოქმედონ თავშეკავებით და მათ შორის არსებული უთანხმოება მშვიდობიანი მოლაპარაკებით გადაწყვიტონ.

„მე მტკიცედ მწამს, რომ საქართველოს უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ მისი გამოყენებისთვის საჭიროა ჯანსაღი დემოკრატია ქვეყანაში. სამწუხაროდ, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და გაღრმავებული პოლარიზაცია სასწორზე აყენებს სამართლიან პოლიტიკას, რომელიც ხალხის კეთილდღეობისკენაა მიმართული“, – აცხადებს კონოლი.

კონოლის განცხადებით, მან ათი დღის წინ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირება გააკეთა შეერთებული შტატების კონგრესში. აქტი არის იმის ნათელი დადასტურება, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას.

თუმცა, ის ასევე ხაზს უსვამს, რომ საჭიროა დემოკრატიული ღირებეულებების განვითარება საქართველოში, თავისუფალი და თანასწორი არჩევნები, საჯარო სექტორის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, კანონის უზენაესობა და კორუფციის აღმოფხვირსკენ მიმართული ძალისხმევა.

„ამ გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა გადამწყვეტია საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ამის მიღწევა კი მხოლოდ იმ პირობებზე შეთანხმებით შეიძლება, რომელიც საჭიროა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დასაწყებად.

NATO-ის საპარლამენტო ასამბლეა მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა მის განვითარებაში. დემოკრატიული ღირებულებების დაცვა როგორც NATO-ის ქვეყნებში, ისე მის პარტნიორებში, მათ შორის საქართველოში მნიშვნელოვანი იარაღია არადემოკრატიული სისტემების წინააღმდეგ, როგორიცაა მოსკოვში, პეკინში თუ სხვაგან“, – აცხადებს NATO-ის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.