„ამ პროცესების მთავარი მიზანი სამოქალაქო საზოგადოების განადგურების გეგმის გადაფარვაა“ - მიქელაძე „პირბადეების საქმეზე“

პუბლიკა

„პირბადეების საქმეზე“ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორის, თამთა მიქელაძის, გამოკითხვა დასრულდა. გამოკითხვის შინაარსზე თამთა მიქელაძემ მედიასთან ისაუბრა:

„ამ პროცესების მთავარი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების განადგურების გეგმის გადაფარვა. თქვენთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ პროკურატურის შუამდგომლობით ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს დაედო ყადაღა, რაც, პრაქტიკულად, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მუშაობა გაჩერდა და ჩვენ გაგვხადეს დისფუნქციურები, ამიტომ მაშინ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში ვხედავთ რუსული ტიპის განადგურებას სამოქალაქო საზოგადოებისა, ეს არის დღეს ჩვენი მთავარი სათქმელი, და არა ის, რაზეც დღეს გამოძიება ცდილობს, რომ გამოგონილი არგუმენტებით აქეთ ჩვენს პასუხისმგებლობაზე ისაუბროს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი ორგანიზაციების გადასარჩენად ვიბრძოლებთ სამართლებრივი გზებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და იმ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე პასუხების გაცემა საქართველოს მთავრობას უკვე სტრასბურგის სასამართლოში მოუწევს.

რაც შეეხება დღევანდელი გამოძიების მიმდინარეობას, გამოძიება იკვლევდა გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში მიმდინარე აქციებთან კავშირში ჩვენს როლს. ჩვენ ხაზგასმით ვისაუბრეთ პოლიციის თვითნებობასა და სასტიკ ძალადობაზე, ნოემბერსა და დეკემბერში საქართველოს მოქალქეები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შვიდჯერ 7 ნოემბრის მსგავსად დაარბია. ამ დროს ხდებოდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უმძიმესი შემთხვევები, 280-ზე მეტი ძალადობის შემთხვევა აქვს დოკუმენტირებული სახალხო დამცველს…

სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები ვსაუბრობთ იმაზე, რომ სპეციალური საშუალებების თანადროული გამოყენება ხდებოდა მიჯრით და პოლიციას ერთი შემთხვევის გარდა მოქალაქეები არც კი გაუფრთხილებია შეკრებების დაშლის შესახებ, ამიტომ ჩვენ პირიქით ვესაუბრეთ იმ უმძიმეს ძალადობასა და სისასტიკეზე, რაც თავად პოლიციამ გამოაჩინა.

ჩვენი არგუმენტი იყო ის რომ ჩვენ, უფლებადამცველი ორგანიზაცია პროცესების საათობრივ აღრიცხვას და მონიტორინგს ვაკეთებდით. ამ ძალადობისა და რისკის ზონაში ჩვენი თანამშრომლებისთვის გვჭირდებოდა ერთეული რაოდენობის 10-20 რესპორატორი, სათვალეები, კეპები, რომელიც გაეროსა და ეუთოს სტანდარტების მიხედვით შეძენილი სამედიცინო უსაფრთხოების საშუალებებია, არ შეიძლება ჩაითვალოს რაიმენაირ ფინანსურ მობილიზებად აქციების სასარგებლოდ….“,- ამბობს თამთა მიქელაძე.

საქმე ეხება გამოძიებას, რომელიც პროკურატურამ ვატო შაქარიშვილისა და ნანა კაკაბაძის ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. 27 აგვისტოს ქართული ოცნების“ პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაადეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, ანგარიშებს.

უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირებისას“.

პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაჯარიმებულების დახმარებასაც.

აქამდე გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ ISFED-ის ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე, „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი და „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე.