ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა - ზურაბიშილი

პუბლიკა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისათვის წინასაახალწლო მიღებას მართავს. მიღებას პოლიტიკური პარტიების ნაწილი ესწრება. პრეზიდენტის თქმით, შერიგების პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა, რადგან წინაპირობა ნიშნავს, რომ ის ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას წარმოშობს.

„როგორია ის პროცესი, რომელსაც მე ვხედავ –  ეს არის საწყისი პროცესი და არა მაქვს ჩამოყალიბებული წინასწარ შექმნილი გეგმა, რომელიც არ ექვემდებარება მერე შეცვლას. პირიქით, ეს არის ღია პროცესი, რომელიც უნდა იყოს ყევლას ჩართულობით და პირველი ეტაპი უნდა იყოს მოსმენა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, გასაგებია, რომ იქნება სკეპტიციზმი, იქნება კრიტიკა, იქნება უნდობლობაც. მან აღნიშნა, რომ  დღევანდელი ყოფის ბუნებრივი ნაწილი.

„ეს პროცესი უნდა ეყრდნობოდეს რამდენიმე მთავარ პრინციპს. ერთი არის ინკლუზიურობა, დღეს ყველა არის პოლარიზებული, ყველა დარგი, სექტორი საზოგადოების, თუ პოლიტიკის. ყველა უნდა იყოს ჩართული. ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე. დაიწყება კონსულტაციებით, ინდივიდუალურ, თუ ჯგუფურ დონეზე, ყველა სფეროს მონაწილეობით. ეს ყველაფერი უნდა იყოს ვრცელი კომუნიკაციის ფონზე, რათა საზოგადოება და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რომელიმე მომენტში არ არის ჩართული შეხვედრაზე, შეძლოს გაეცნოს, კონსულტაციის შინაარსს“, – თქვა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, სიტყვა „შერიგება“ არასწორად იქნა გაგებული, რადგან შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. როგორც მან აღნიშნა, საწყისი ეტაპია მოსმენა. პრეზიდენტის თქმით, შერიგებაზე მეტად, უმჯობესია რომ ამას დაერქვას ეროვნული თანხმობის პროცესი.

„ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა. სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა წინაპირობები მესმის, ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას წარმოშობს. ეს ნიშნავს, რომ პროცესი ჩიხში შევა. არაფერია გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი პროცესში მოსაგვარებელი და მოსალაპარაკებელია.

თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა, ეს ცუდად იყო გაგებული, ამაზე დაიწყო გარკვევა, როგორ უნდა შევურიგდე იმას, თუ ამას, ან რატომ უნდა შევურიგდე. გასაგებია, ამგვარი პროცესები, რაც ჩატარდა მსოფლიოში, შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით, მით უმეტს, როდესაც წარსულს ეხება, ან აწყმოს, გრძელდება სამართლიანობით და შემდეგ შეიძლება შედგეს შერიგება, რომელსაც მირჩევნია, რომ დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი. უფრო პროცესია, ვიდრე შედეგი“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების ნაწილთან საახალწლო მიღებას მართავს. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ე.წ. შერიგების პროცესზე ისაუბრა.