ამ პროექტს ნაკლები ყურება აქვს, ფორმატის შეცვლაზე ხომ არ ფიქრობთ | უმრავლესობის წევრი „ტელესკოლაზე“

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა ლომინაძემ მიხეილ ჩხენკელს „მინისტრის საათის“ ფარგლებში კითხვა დაუსვა. შეკითხვა რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა და მათ შორის, „ტელესკოლის“ ეფექტიანობას ეხებოდა.

„როგორია თქვენი დამოკიდებულება ტელესკოლასთან. ჩემი მონაცემებით, ტელესკოლის მაყურებელი ბავშვების რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს, ვიცით, რომ bbc-ის მიერ იყო მოწონებული, მაგრამ, როგორც ჩემი გამოკითხვით ჩანს, ამ პროექტს სულ ნაკლები ყურება აქვს და იცით, რომ ონლაინგაკვეთილებზე დასწრება სათანადო არაა. ხომ არ ფიქრობთ ფორმატის შეცვლას ან ამ ფინანსების სრულ ინტერნეტიზაციაში გადატანას იმ სოფლებში, სადაც არ აქვთ ინტერნეტი.“ – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას „ტელესკოლას“ უნიკალური პროექტი უწოდა.

„მაუწყებლობას განაგრძობს უნიკალური პროექტი „ტელესკოლა“. როგორც მოგეხსენებათ, გაკვეთილების ბადე მოიცავს ყველა კლასს და საგანს. ტარდება აბიტურიენტების საათი. გაკვეთილები ადაპტირებულია ჟესტურ ენაზე. საგნები ითარგმნება სომხურს და აზერბაიჯანულ ენებზეც. „ტელესკოლას“ ახლახან დაემატა გადაცემა „სამასწავლებლო“. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ , რომ BBC-იმ მოსწავლეებს „ტელესკოლა“ 2021 წლის იანვრიდან შესთავაზა, როცა ის საქართველოს განათლების სისტემაში ათი თვით ადრე დავნერგეთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.