ამ ქვეყანაში არავინ არის მომხრე ახალი ომის, მეორე ფრონტის - პრეზიდენტი

პუბლიკა

2008 წლის აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შეამკო დაღუპულ გმირთა მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

„ამ ქვეყანაში არავინ არის მომხრე ახალი ომის, მეორე ფრონტის. ეს ყველაფერი არის თემები, რომელიც მე არ მესმის. ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე, რომ საქართველო გაძლიერდეს, იყოს ერთიანი და იყოს დამოუკიდებელი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, იმისთვის რომ ქვეყანამ წინ იაროს, საჭიროა ის იყოს ერთიანი და ერთობის გარეშე ქვეყანა ამ გზას ვერ გაივლის, რისთვისაც საჭიროა რომ ყველამ დაივიწყოს სიძულვილი.

„მინდა სრულიად საქართველოს გავუზიარო დღევანდელი დღის მნიშვნელობა. ყველაფერი ტრაგიზმში არ უნდა გადავიტანოთ, ეს არის მნიშვნელოვანი დღეები, ბრძოლები, რომლებიც დამთავრდა ოკუპირებული ტერიტორიებით – ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ საქართველომ მაინც გაიმარჯვა. დღეს ჩვენი დამოუკიდებლობა და დემოკრატია უფრო ძლიერია, ჩვენი გზა ევროპისკენ არის უფრო ძლიერი და ამდენად ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ…

იმისთვის რომ წინ ვიაროთ, აუცილებელია ჩვენ ვიყოთ ერთიანი. ერთობის გარეშე ჩვენ ამ გზას ვერ გავივლით, ვერ შემოვიერთებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში, ცხინვალში და ამისთვის უნდა დავივიწყოთ ის ბოღმა და სიძულვილი, რომელიც სუფევს ამ ქვეყანაში და ყველას გვძირავს“, – თქვა მან.