ამ ქვეყანაში რამის შეცვლა თუ გინდა, ჩვენ ვართ, სხვა არავინ არ არის - ჯაფარიძე

პუბლიკა

„ამ ქვეყანაში რამის შეცვლა თუ გინდა, ჩვენ ვართ, სხვა არავინ არ არის, ვერც ვერავინ გაჩნდება. და ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც მთავარ დაკვეთას ვასრულებთ, რომ ამ ქვეყანაში მომავალში არ იყოს ერთი კაცის ან ერთი პარტიის ხელში ძალაუფლება და აღარ წავიდეთ იმ მანკიერ წრეზე, რომელზეც უკვე ათასჯერ მოვიტეხეთ ცხვირი. ამიტომ უნდა გვენდონ ჩვენ“, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეებმა ოპოზიციას იმიტომ უნდა ენდონ და დაუჭირონ მხარი, რომ „სხვა მეტი არავინ არ არის“.

„ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები რობოტები კი არ ვართ. ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. გასული წლის გაყალბებული არეჩვნების შემდეგ, სერიოზული პოლიტიკური ძვრები იყო ამ ქვეყანაში, როგორც „ქართულ ოცნებაში“, ისე ოპოზიციის ფლანგზე. ბევრი ცვლილება მოხდა – ჩემი პარტია გაიყო ორ ნაწილად და მე და ჩემმა მეგობრებმა ნულიდან დავიწყეთ რაღაცების კეთება; ენმ დატოვა რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის ლიდერებმა; „დროა“ საერთოდ ახალი პარტიაა; „ევროპული საქართველოდან“ წავიდა ბევრი ადამიანი.

იმის გამო, რომ მძიმე და რთული პოლიტიკური პროცესები მიდიოდა, სხვადასხვა ადამიანმა სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური ნაბიჯი გადადგეს. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ძალიან რთული პროცესები გვაქვს გავლილი და საბოლოო ჯამში, მაინც მოვახერხეთ და ამდენი თვის შემდეგ, მივედით ბევრ მნიშვნელოვან შეთანხმებამდე.

მათ შორის, აქ რომ ვსხედვართ და განსხვავებული ხედვა გვაქვს, პრინციპულ საკითხზე რომ ვართ შეთანხმებული, ეს არ არის მარტივი ამბავი, არც ჩემთვის, არც ელენესთვის და არც ნიკასთვის. მეც მყავს მხარდამჭერები, რომელთაც არ მოსწონს „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, რომელიც მე არასდროს მხარს არ დამიჭერს იმის გამო, რაც გამიკეთებია და რასაც ვაჟღერებ და ა.შ. მაგრამ ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პროცესი და მოვედით აქამდე.

არავინ არ ამბობს დღეს, რომ მთებს გადავდგამთ, მაგრამ ჩვენ ვართ იმ კონდიციაში, რომ ზუსტად ვიცით, საით უნდა წავიდეს ქვეყანა და მზად ვართ, ჩვენს თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა. ეს არის ის, რატომაც უნდა დაგვიჭირონ მხარი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.