ამ საშინელებასთან არაფერ შუაში არაა ნაძალადევი და ნახალოვკა – ნათელაშვილის შაქარაშვილის საქმეზე

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, პარტიის ოფისში 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ტერიტორია და ადგილი კრიმინალთან კავშირში არაა. „ამ საშინელებასთან არაფერ შუაში არაა ნაძალადევი და ნახალოვკა, ამ რაიონში ცხოვრობენ ღირსეული ადამიანები, ხოლო კრიმინალი ბუდობს ყველგან.“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა სპორტსმენების მონაწილეობაზე წინასაარჩევნო პროცესებში და მოუწოდა პარტიებს, არ შეიყვანონ საპარლამენტო სიებში სპორტსმენები, რადგან „ეს არის პუტინოიდური მოდელი. პუტინი მართავს რუსულ იმპერიას ძიუდოისტებით, მოჭიდავეებითა და ამ კატეგორიის ადამიანებით.“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ძვირფასო მეგობრებო, ყველა დათრგუნული ვართ ახალგაზრდა გიორგი შაქარაშვილის დაღუპვით. სანამ თემაზე გადავიდოდე, მინდა, ყველას ვთხოვო და მოვუწოდო – ამ საშინელებასთან არაფერ შუაში არაა ნაძალადევი და ნახალოვკა. ამ რაიონში ცხოვრობენ ღირსეული ადამიანები, ხოლო კრიმინალი ბუდობს ყველგან. მაგალითად, მრგვალ ბაღთან კვადრატულ მეტრზე ორი კრიმინალი მოდის, რაც აჭარბებს ჩიკაგოს ალკაპონეს დროინდელ მდგომარეობას, მაგრამ ჩვენ ამაზე არაფერს ვამბობთ იმიტომ, რომ ტერიტორია და ადგილი კრიმინალთან არაფერ შუაში არ არის. ხოლო რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, რასაც ეწირება ჩვენი შვილების სიცოცხლე, ამას ჰქვია სქელკუნთიან, სპორტსმენ, ზონდერთა დიქტატურა, დამყარებული ხელისუფლების სრული თანადგომით.

ამგვარი გაგრძელება პროცესის მიგვიყვანს ტრაგიკულ შედეგამდე და 90-იან წლებამდე. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ყველა სპორტსმენი, ვინც შემჩნეული იქნება ძალადობაში საყოფაცხოვრებო თუ პოლიტიკური პროცესების დროს, სამუდამოდ იქნას დისკვალიფიცირებული. ასეთი სპორტსმენების გამზრდელი ფედერაციები საერთაშორისო ორგანიზაციებში იქნებიან, ასევე, სანქცირებულნი და შეუჩერდებათ მონაწილეობა. ამ ფედერაციებზე განკუთვნილი ასეულობთ მილიონი გადაეცემა მასობრივ სპორტს. ყველა პარტიას მოვუწოდებ, არც ჩაწეროთ არც ერთმა სქელკუნთა ზონდერები საპარლამენტო სიებში. პარლამენტი და მთავრობა მათი ადგილი არა რის. ჩვენ გავიხსენოთ მძიმე წარსული, როდესაც ეროვნულმა მოძრაობამ ძალოვანი სტრუქტურები ძიუდოისტებს ანდო და ეს დამთავრდა  სამოქალაქო ომით. ეს არის პუტინოიდური მოდელი.“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.