ამ სასწავლო წლის მეორე სემესტრის გადასახადი სტუდენტებს განათლების სამინისტრომ უნდა გადაუხადოს - შაშკინი

პუბლიკა

განათლების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის თქმით, კორონავირუსისგან გამოწვეული შეზღუდვებისგან მძიმედ დაზარალდნენ სტუდენტები, ბევრმა მათგანმა დაკარგა შემოსავალი და „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს ხელისუფლებას, რომ ამ სასწავლო წლის მეორე სემესტრის საფასური ყველა მათგანს განათლების სამინისტრომ დაუფაროს.

„საქართველოში თითქმის ყოველ მესამე ოჯახში არის სტუდენტი. ის, ვისაც არ აქვს სახელმწიფო დაფინანსება, მუშაობს, რომ სწავლის საფასური გადაიხადოს, ან ოჯახი უხდის ამ საფასურს. ძირითადად, სტუდენტები სერვისის და ტურიზმის სექტორში იყვნენ დასაქმებულები, ახლა რა დღეშია ეს სექტორი, კარგად იცით. ასევე, ბევრი სტუდენტი იყო თვითდასაქმებული და ბოლო მონაცემებით, 800 000-მა თვითდასაქმებულმა დაკარგა სამსახური. შესაბამისად, სერიოზული პრობლემები შეექმნათ მათ და მათ ოჯახებს სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შაშკინმა.

შაშკინის თქმით, განათლების სამინისტროს საკმარისი თანხები აქვს, რომ დაეხმაროს სტუდენტებს და გადაუხადოს სწავლის საფასური, ხოლო მათ ვინც სესხით ან რაიმე საშუალებით უკვე დაფარა სწავლის გადასახადი, ეს თანხა ანგარიშზე დაუსვას.