ამ სიტუაციის შესაჩერებლად ლეგიტიმური ბერკეტების დროა - ოპოზიციური პარტიები NATO-სა და EU-ს

პუბლიკა

15-მდე ოპოზიციური პარტია ევროპული საბჭოს, ევროკომისიის, ევროპარლამენტის პრეზიდენტებსა და NATO-ს გენერალურ მდივანს ღია წერილით მიმართავს.

წერილში ნათქვამია, რომ მაკროსაფინანსო დახმარებაზე უარის თქმა, რომელიც საქართველოს მთავრობის წინადაუხედავი ნაბიჯი იყო, ოპოზიციური პარტიებისთვისა განგაშისა და იმედგაცურების საფუძველია. თანხის არმიღება, რომელიც სასამართლოს რეფორმის იმპლემენტაციას უნდა მოხმარებოდა, საქართველოს მომავლისთვის „უდიდეს პრობლემას წარმოადგენს“.

ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი უპრეცედენტოა და ევროატლანტიკური სვლისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად. მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობისთვის ევროკავშირსა და NATO-ს ალტერნატივა არ აქვს.

„გასულ წელს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ცხადად გვაჩვენა, რომ მათი ევროკავშირთან დაახლოების ამბიცია სხვა არაფერია, თუ არა ფასადი – ფასადი, რომლის მიზანიც ქართველი ხალხის მოტყუებაა.

ამ ფასადის მიღმა არაფორმალური სისტემის მიერ სახელმწიფოს ყოვლისმომცველი მიტაცების მომსწრენი გავხდით, ყველაფრის ბოლო წვეთი კი სასამართლო სისტემის სრული დამორჩილება აღმოჩნდა.

5 ივლისი – დღე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა რუსეთთან და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ექსტრემისტების მიერ თბილისი პრაიდის დარბევა წაახალისა, რაც შემდგომში 53 ჟურნალისტზე ფიზიკური თავდასხმით და რამდენიმე დღეში ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალებით დასრულდა, ამ კონტექსტში ერთ-ერთი საკვანძო მოვლენა იყო“, – ნათქვამია წერილში.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის თვალსაჩინოება იყო, მათი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა და შემდეგ მისი საერთოდ დატოვება. ხოლო მაკროსაფინანსო დახმარებაზე უარის თქმა, ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ამ „სახიფათო ტრაექტორიას კიდევ უფრო აუარესებს“.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ამოცანაა, ამ საფრთხეს წინააღმდეგობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე სვლით გავუწიოთ და სიტუაცია შემოვაბრუნოთ, ვთვლით, ამ სიტუაციის შესაჩერებლად სწორედ ახლაა საჭირო ლეგიტიმური ბერკეტებისა და გავლენების გამოყენება.

შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ქართულმა ოცნებამ მოაწერა ხელი, საქართველოს მთავრობა ვალდებული იყო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაეტარებინა, თუკი მმართველი პარტია ამ ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ის აღებას ვერ მოახერხებდა.

ჩვენ გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება ოქტომბერში აუცილებლად გამოიტანს პოლიტიკურ ვერდიქტს, ხოლო ევროკავშირი და NATO, დაუჭერს რა მხარს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ახალი არჩევნების ჩატარებას დაუყოვნებლივ მოითხოვს.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მოქალაქეთა ხმების დასაცავად და იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ერთგულ სახელმწიფოდ.

გვსურს, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ქართული დემოკრატიის შენარჩუნებისთვის გაწეული ძალისხმევისა და ერთგულებისათვის. იმედი გვაქვს თქვენი უწყვეტი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერისა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • ელენე ხოშტარია – დროა
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • გირჩი – მეტი თავისუფლება
  • ევროპული საქართველო
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • რესპუბლიკური პარტია
  • ლელო საქართველოსთვის
  • თავისუფალი დემოკრატები
  • ქრისტიან-დემოკრატები
  • ევროპელი დემოკრატები
  • ეროვნული დემოკრატიული პარტია
  • მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის – სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
  • კანონი და სამართალი
  • ტარიელ ნაკაიძე – დამოუკიდებელი დეპუტატი