ამ ტერორისტებად ჩამოყალიბებულ ადამიანებთან დიალოგის არავითარი განწყობა არ მაქვს - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„ამ რადიკალურ, ტერორისტებად ჩამოყალიბებულ ადამიანებთან მე, რა თქმა უნდა, არავითარი განწყობა არ მაქვს საუბრისa და დიალოგის”, – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მოსმენისას. მან ილაპარაკა „ნაციონალურ მოძრაობასა” და მიხეილ სააკაშვილზე  და შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ქაოსი მალე დასრულდება.

„მეგობრებო, ეს ქაოსი დასრულდა და დასრულდება ძალიან მალე. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ უნდა მივხედოთ რეალურ პრობლემებს. ხალხს უამრავი პრობლემები აქვს, მეგობრებო. სოფლის მეურნეობაში, სოფლებში, რეგიონებში, ეკონომიკაში, სიღარიბე, სიდუხჭირე – ამას სჭირდება მოგვარება და არა ამ კრიმინალებთან დაჯდომა და დიალოგი, თურმე, რიგგარეშე არჩევნებზე. რომელ არჩევნებზე გვესაუბრებიან საერთოდ?! 

მე შევახსენებ ყველას, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტიორებს, როგორი არჩევნები ტარდებოდა საქართველოში 2012 წლის ჩათვლით, როგორი ძალადობრივი, როგორი საშინელი ტერორის ქვეშ უწევდათ ჩვენს მოქალქეებს ხმის მიცემა, ეს ყველაფერი არცთუ ისე შორეულ წარსულში ხდებოდა. ეს ხდებოდა სულ რაღაც 9 წლის წინ.

ერთ კონკრეტულ მაგალითს შეგახსენებთ კიდევ, ხურჩის ტერაქტად შერაცხულს, რომელიც მოსახლეობის დაშინების მიზნით მათ თავადვე დადგეს და ჩვენი თანამოქალაქე, მოხუცებული ქალბატონი დაიჭრა. აი, ეს ხალხია, ამ ხალხთან გვიწევს ჩვენ საუბარი.

ასე რომ, ამ რადიკალურ, ტერორისტებად ჩამოყალიბებულ ადამიანებთან მე, რა თქმა უნდა, არავითარი განწყობა არ მაქვს საუბარისა და დიალოგის. ოპოზიციასთან მზად ვარ დიალოგისთვის და მთლიანად ჩვენი გუნდი არის მზად, მაგრამ ერთი დათქმით, რომ ისინი გაემიჯნებიან  ამ კრიმინალურ საქმიანობას, ამ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონტიტუციურ საქმიანობას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.