ამ ტიპის ძალაუფლება არის „ძალიან ფართო და გადაჭარბებული" - ვენეციის კომისია GNCC-ის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნაზე

პუბლიკა

22 მარტს ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატმა ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში სპეციალურ მმართველთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებზე.

კერძოდ, ვენეციის კომისიამ შეაფასა ამ კანონის 461 მუხლი, რომლითაც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიენიჭა ელექტრონული კომუნიკაციის სერვისის მიმწოდებელ კომპანიებში სპეციალური/დროებითი მმართველის დანიშვნის უფლება.

ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ სპეციალური მმართველი, რომელსაც GNCC ნიშნავს, სარგებლობს „განსაკუთრებული უფლებამოსილებებით“, რაც ემსგავსება სასამართლოს მიერ დანიშნულ სპეციალურ ადმინისტრატორს ბანკში ან ფინანსურ ინსტიტუტში, ან სასამართლოს მიერ დანიშნულ ლიკვიდატორს გაკოტრების საფრთხის წინაშე მდგარ კომპანიაში.

„ვენეციის კომისიისთვის, ევროპული კონტექსტის გათვალისწინებით, უცნობია ძალაუფლების მსგავსი თავმოყრა მარეგულირებელი ორგანოს ხელში. ამ ტიპის ძალაუფლება არის „ძალიან ფართო და გადაჭარბებული“, რაც კომპანიების აქციონერებს ტოვებს გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურებისა და პროცესების მიღმა”, – ვკითხულობთ დასკვანაში.

„ინფორმაციის განვითარების თავისუფალი ინსტიტუტი” (IDFI) ვენეციის კომისიის დასკვნის ანალიზს აქვეყნებს. IDFI აღნიშნავს, რომ კრიტიკული შეფასების ამგვარ ხარისხს, ვენეციის კომისიის დასკვნებში იშვიათად შევხვდებით – უარყოფითადაა შეფასებული სპეციალური მმართველის ინსტიტუტთან დაკავშირებული ყველა ასპექტი – დაწყებული მისი დანიშვნის საფუძვლებიდან დასრულებული გასაჩივრების პროცედურით. გთავაზობთ IDFI-ის შეფასებას:

„დასკვნის თანახმად, სპეციალური მმართველი უფლებამოსილებები უფრო ლიკვიდატორის კომპეტენციას წააგავს. ამასთან, ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ამგვარი უფლებამოსილების თაობაზე ევროპის ფარგლებში“, – აღნიშნავს IDFI.

„ინფორმაციის განვითარების თავისუფალი ინსტიტუტი“ ამბობს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, სპეციალური მმართველის ინსტიტუტი არღვევს საკუთრების უფლებას.

„ამ კონტექსტში, ვენეცის კომისიამ აღნიშნა რომ სპეციალური მმართველის ინსტიტუტი თანაზომიერების პრინციპის ფაქტობრივად ვერცერთ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, სპეციალური მმართველი ინსტიტუტი ვერ აღწევს იმ მიზნებს, რომლისთვისაც იგი შეიქმნა, იგი არ იყენებს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალება. ამასთან, სპეციალური მმართველის დანიშვნის წინაპირობები არის ბუნდოვანი ხოლო მისი უფლებამოსილებები ზედმეტად ფართო“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

როგორც IDFI ანალიზში აღნიშნავს, გარდა საკუთრების უფლებისა, ვენეციის კომისიამ ასევე გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დარღვევის აშკარა საფრთხე დაინახა.

„კერძოდ, სპეციალური მმართველის დანიშვნა ელექტრონული კომუნიკაციის იმ კომპანიაში, რომელიც იმავდროულად, სამაუწყებლო საქმიანობას ახორცილებს, სახელმწიფოს აძლევს მედიის თავისუფლებასა და სარედაქციო პოლიტიკაში პირდაპირი ან/და ირიბი ჩარევის ეფექტურ შესაძლებლობას და ქმნიდა ე.წ. მსუსხავი ეფექტის გამოწვევის საფრთხეს“, – ვკითხულობთ ანალიზში.

როგორც IDFI აღნიშნავს, ვენეციის კომისიამ ფაქტობრივად ყველა იმ უფლების დარღვევის რისკი დაინახა, რომელთანაც სპეციალურ მმართველს შეიძლება ჰქონდეს შეხება.

„ამდენად, კომისიამ მიუთითა, რომ სპეციალური მმართველის ინსტიტუტი არსებული ფორმით არღვევს საკუთრების უფლებას, ქმნის მედიისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვის საფრთხეს“, – წერს IDFI.