მოსამართლე ეკა არეშიძე ეხმაურება „ქართული ოცნების“ 20 აგვისტოს განცხადებას, რომლითაც ის მმართველი გუნდის სამიზნე გახდა და ამბობს, რომ „ამ ტიპის საჯარო განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველია”.
მმართველმა პარტიამ ახსენა 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა, რომელსაც საპროტესტო აქციები და მნიშვნელოვანი სამართლებრივი პროცესები მოჰყვა, მათ შორის, მაშინდელი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა და განაცხადა, რომ მოსამართლემ გამოიტანა „საეჭვო გადაწყვეტილება, რამაც რევოლუციური პროცესები“ განაპირობა.
მოსამართლე ეკა არეშიძე წერს, რომ ღირსების შემლახავი და დამამცირებელია თავის მართლება ხელისუფლების აბსურდულ ბრალდებაზე.
ამასთან, არეშიძემ მმართველ გუნდს მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, „მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს”.
„აღნიშნულ საქმეზე 6 წლის წინ სპეციალურად შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულია შესაბამისი დასკვნა.
სასამართლო არ არის ვალდებული, გაიზიაროს პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება ან დაცვის მხარის პოზიცია.
სასამართლოს განაჩენი ყველასთვის გასაგები და მისაღები ვერ იქნება.
უსამართლობის განცდა იწვევს საზოგადოების აღშფოთებას.
ორი უდანაშაულო არასრულწლოვნის მკვლელობის თემით სპეკულირება ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერ დროს, უზნეობაა!
P.S. ამ ტიპის საჯარო განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველია”. – წერს ეკა არეშიძე.