ამ ტიპის ტოტალური კონტროლის პირობებში ქვეყანაში არც არჩევნები იქნება რეალური და არც რამე სხვა - ბურჯანაძე

პუბლიკა

„ამ ტიპის ტოტალური კონტროლის პირობებში ქვეყანაში არც არჩევნები იქნება რეალური და არც რამე სხვა. ეს არის საბჭოთა კავშირი!”, – სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით facebook-ზე წერს.

„ძალიან რთულია ამ ყველაფრის დანახვა. რაზეც ვაფრთხილებდით პოლიტიკოსებს ყველაფერი ახდა სამწუხაროდ. ვხედავთ, რომ დიდი გავლენის საპატრიარქოს სრულად უსმენდნენ და აკონტროლებდნენ.

დღეს 1 დაკლიქებით არის შესაძლებელი სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციის მოსმენა. ამის შესაძლებლობას ითვალისწინებს კანონი და ტექნიკური ინფრასტრუქტურა.

უკანონო მოსმენის შემმოწმებელი და დამბალანსებელი არავინაა ქვეყანაში. არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. 3 წელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოაქვს მოსმენების კანონზე. პროკურატურამ დღეს გამოძიება დაიწყო და ძალიან გამეცინა (სწრაფად და ობიექტურად გამოიძიებენ). პარლამენტი ვერაფერს აკონტროლებს. სახელმწიფო ინსპექტორს არ აქვს შემოწმების მანდატი ამ სისტემაზე სრულად.

ამ ტიპის ტოტალური კონტროლის პირობებში ქვეყანაში არც არჩევნები იქნება რეალური და არც რამე სხვა. ეს არის საბჭოთა კავშირი!”, – წერს ის.


12 სექტემბერს მედიითა და ინტერნეტით გავრცელდა ჩანაწერები, რომლებიც, მედიის ცნობით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაა გამოჟონილი.

საუბარია, დაახლოებით სამი ათასამდე დოკუმენტზე. მედია აცხადებს, რომ დოკუმენტები სინოდის წევრებსა და სხვა სასულიერო პირებისა თუ საპატრიარქოში დასაქმებულების პირად ცხოვრებასა და საქმიანობას შეეხება. მასალებში ნახსენებია პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.