ამ წუთებში ქალაქ მინეაპოლისში ტრაგიკულად დაღუპული ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის პანაშვიდს იხდიან.
ჯორჯ ფლოიდი ამერიკის შავკანიანი მოქალაქეა, რომელიც პოლიციის მხრიდან დაკავების შემდეგ დაიღუპა. თეთრკანიანი პოლიციელი, რომლის ქმედებებმაც ფლოიდის სიკვდილი გამოიწვია, დერეკ ჩაუვინია. დაკავების კადრებში ჩანს, როგორ ყვირის ქუჩაში პოლიციის მიერ ძირს დაგდებული ჯორჯ ფლოიდი – „ვერ ვსუნთქავ“, კეფაზე კი თეთრკანიანი პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლით აწვება.
ფლოიდის დაღუპვას აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რომელიც უკვე 9 დღეა გრძელდება.
მემორიალს ფლოიდის ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარდა, არაერთი ჩინოვნიკი და ხელოვანი ესწრება. მათ შორის არიან: მინესოტის გუბერნატორი ტიმ უოლცი, მინეაპოლისის მერი ჯეიკობ ფრეი და კონგრესის წევრი ილჰან ომარი.
დამსწრეებს შორის ასევე არაერთი ცნობილი ადამიანია: მუსიკოსი ლუდაკრისი, მსახიობი ტიფანი ჰადიში, კომიკოსი მსახიობი კევინ ჰარტი და ა.შ.
მემორიალზე დამსწრეები Covid-19-ის პრევენციისთვის აუცილებელი წესების დაცვის შესახებ გააფრთხილეს.