გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო” პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ამ წუთებში ის საგამოძიებო უწყებაში იმყოფება, სადაც მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.
ბილანიშვილის სახელმა შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მედიაში რამდენჯერმე გაიჟღერა, თუმცა იგი დღემდე გამოკითხული არ ყოფილა.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს მყვინთავებმა წყალში იპოვეს. მისი დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე მიმართა.
როგორც შემდგომ დადგინდა გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს უჩინარდება გიორგი შაქარაშვილი.
ამ დროისთვის დაკავებულია 17 ბრალდებული, თუმცა მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს.
საქმის დეტალების გამოკვლევას და მათ შორის შეუსაბამობების დადგენას მედია ცდილობს. სწორედ ამ მცდელობებისას გაიჟღერა ავთო ბილანიშვილის, როგორც კრიმინალური საქმის ხელის დამფარებლისა და ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირის სახელმა.
ამ დრომდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.