საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს განცხადებას, რომლითაც იგი N 12-ე დაწესებულების დირექტორს მიმართავს:
„ნომერ მე-12 ციხის, ივანიშვილის დილეგის უფროსს, ზურაბ მოდებაძეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება:
ამ წუთიდან, უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებასა და შემოწმებაზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე 27-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შეიქმნა სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ექიმებით.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა კონსილიუმის რეკომენდაცია სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით. კონსილიუმი წერს, რომ მისი გადაყვანა საჭიროა c ტიპის დაწესებულებაში. სახალხო დამცველის თქმით, კონსილიუმის წევრთა მოთხოვნებს ციხის საავადმყოფო, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის გადასაყვანად სთავაზობს, ვერ აკმაყოფილებს.
იუსტიციის სამინისტრო კი, ამბობს, რომ ციხის საავადმყოფო მზადაა მიიღოს მოშიმშილე პატიმარი და მართოს მისი მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობს. ადვოკატების განცხადებით, მიზეზი მესამე პრეზიდენტის უსაფრთხოებაა და ასევე ის, რომ აღნიშნულ საავადმყოფოს არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სათანადოდ მართოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მიხეილ სააკაშვილის საქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით არაერთი განცხადება გავრცელდა როგორც არასამთავრობო, ისე პოლიტიკური პარტიების მიერ.
სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების გამო; აგრეთვე – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვისთვის.