აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი TruthSocial-ზე წერს, რომ ირანში „მთელი ცივილიზაცია დაიღუპება“.
„ერთი ცივილიზაცია დაიღუპება ამაღამ, ისე, რომ მას ვეღარასოდეს დაიბრუნებენ. მე არ მსურს, რომ ეს მოხდეს, თუმცა, სავარაუდოდ, ასეც იქნება. თუმცა, ახლა, როცა რეჟიმის სრული და ტოტალური ცვლილება გვაქვს, სადაც განსხვავებული, უფრო ჭკვიანი და ნაკლებად რადიკალიზებული გონება იმარჯვებს, იქნებ რაღაც რევოლუციურად საოცარი მოხდეს, ვინ იცის? ამას ამაღამ გავიგებთ, მსოფლიოს ხანგრძლივი და რთული ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. გამოძალვის, კორუფციისა და სიკვდილის 47 წელი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს ირანის დიდებული ხალხი“.
აშშ-მა უკვე დაბომბა ხარგის კუნძული – ამ კუნძულის დაკავებას აშშ განიხილავდა, როგორც მეთოდს, რომლითაც ირანი უნდა აიძულონ, გახსნას ჰორმუზის სრუტე.
მანამდე ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირანი და აშშ შუამავლების მიერ შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შედგენილ დოკუმენტს განიხილავდნენ. Reuters-ს ორმა პაკისტანურმა წყარომ, რომლებიც ამ დისკუსიებს იცნობენ, უთხრა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობის მცდელობები კვლავ გრძელდება.
აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები პაკისტანის, ეგვიპტისა და თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს.
წყაროების ცნობით, შეთანხმების მიღწევის შანსი „მაღალი არ არის“.
მანამდე ტრამპი ასევე ამბობდა, რომ აშშ დარტყმებს განახორციელებს ხიდებზე, ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე.
POLITICO-ს ცნობით, პენტაგონის სამხედრო დაგეგმარების სპეციალისტები აპირებენ, გადახედონ ენერგეტიკული ობიექტების სიას. სავარაუდოდ, ეს კეთდება იმისათვის, რომ სიაში ისეთი ობიექტები შეიტანონ, რომლებიც საწვავით ამარაგებენ როგორც სამოქალაქო პირებს, ისე სამხედროებს, რაც ომის დანაშაულში ბრალდების თავიდან აცილების ერთგვარი გზაა.
მას შემდეგ, რაც თებერვალში პენტაგონმა ისრაელთან ერთობლივი ოპერაციით ირანზე იერიშების მიტანა დაიწყო, ირანმა ფაქტობრივად ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი სრუტეა – მასზე მოდის მსოფლიო ნავთობის ტრანზიტის 20 პროცენტი.
აშშ-მა ირანს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ულტიმატუმი წაუყენა, რომლის ვადაც 8 აპრილს, თბილისის 04:00 საათზე იწურება.