ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს იწყებს

პუბლიკა

უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი აცხადებს, რომ დღეიდან, 18 მარტიდან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს იწყებს.

TrialWatch კლუნის ფონდის ინიციატივაა, რომელიც სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს უსამართლოდ დაპატიმრებულ ჟურნალისტებს.

„კლუნის ფონდმა სამართლიანობისთვის დღეს განაცხადა, რომ TrialWatch, რომელიც უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, აპირებს დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს.

ამაღლობელი, რომელმაც დააარსა ჯილდოს მფლობელი ონლაინ მედიასაშუალებები: „ბათუმელები“ ​​და „ნეტგაზეთი“, დააკავეს 11 იანვარს საღამოს, როდესაც მან ადგილობრივი პოლიციის განყოფილების ღობეზე სტიკერი გააკრა საყოველთაო გაფიცვის მოწოდებით.

ეს იყო ჟესტი მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად, რომლებმაც მთელი ქვეყანა მოიცვა 2024 წლის ნოემბრის შემდეგ.

12 იანვარს, შუაღამის შემდეგ, მოხდა შელაპარაკება პოლიციასთან, როდესაც ხალხი შეიკრიბა მისი გათავისუფლების მოთხოვნით, რასაც მოჰყვა მისი დაუყოვნებლივ ხელახალი დაკავება. მას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება და სამჯერ უთხრეს უარი გირაოს მოთხოვნაზე მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცების საფუძველზე, დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი გირაოს მიზეზების სათანადოდ გათვალისწინების გარეშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფონდის განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ:  „გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამაღლობელს დაკავების შემდეგ ქალაქის პოლიციის უფროსი დაემუქრა და შეაფურთხა. მისი დაკავებისა და საქართველოში სხვა მომიტინგეების მიმართ მოპყრობის გამო პროტესტის ნიშნად, ამაღლობელი პატიმრობაში 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა“.

„2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული საქართველოში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ხასიათდება პოლიციის ძალადობით, დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობითა და ჟურნალისტების შევიწროებით, რამაც გამოიწვია საერთაშორისო კრიტიკა და განგაში.

საქართველოს მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევის ცენტრმა დააფიქსირა 90-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც სამართალდამცავები თავს დაესხნენ მედიის თანამშრომლებს, როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ან ხელს უშლიდნენ მათ მუშაობისას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ინფორმაციის მიხედვით, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, TrialWatch მოამზადებს ანგარიშს, რომელიც შეაფასებს საქმეს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების შესაბამისად.