ამას აკეთებენ „ალტ-ინფოს" მომხრეების დასამოტივირებლად, რომ ქუჩაში გამოიყვანონ - „სირცხვილიას" აქტივისტი

პუბლიკა

„მმართველი ძალა ამას აკეთებს, ერთი მხრივ, დასავლეთისთვისა და მომხრეების საჩვენებლად, რომ, აი, ვაკავებ პრორუს ორკებს და მეორე მხრივ, ამოტივირებინებს „ალტ-ინფოს” საკუთარ მხარდამჭერებს დღევანდელ აქციაზე გამოსასვლელად”, – ამის შესახებ „სირცხვილიას” აქტივისტი მარიამ დოლიძე facebook-ზე წერს. ის ეხმაურება ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების დაკავებას, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ მუსიკალური ფესტივალის საწინააღმდეგოდ იყვნენ შეკრებილნი.

„სუს-ის დაგეგმილი „სპეცოპერაცია” ამ წუთებში:

მთაწმინდაზე აქვს აქცია „ალტ -ინფოს”, კეტავენ გზას. რატომ, – არავინ იცის. „ალტ-ინფოს” ლიდერები ყოველთვის ემორჩილებიან პოლიციის მოთხოვნებს, არასოდეს მიდიან წინააღმდეგ. ახლა რატომღაც, გაფრთხილების მიუხედავად, აგრძელებენ გზის გადაკეტვას. მახარაძე შემოდის ეთერში და გრძელი „სფიჩით” მოუწოდებს ხალხს, რომ მას კი დაიჭერენ, მაგრამ ხვალ მეტი ხალხი უნდა გამოვიდეს. ამის შემდეგ აკავებენ.

მმართველი ძალა ამას აკეთებს, ერთი მხრივ, დასავლეთისთვის და მომხრეების საჩვენებლად, რომ, აი, ვაკავებ პრორუს ორკებს და მეორე მხრივ, ამოტივირებინებს „ალტ-ინფოს” საკუთარ მხარდამჭერებს დღევანდელ აქციაზე გამოსასვლელად.

უმარტივესი ხერხებით მანიპულირებენ ადამიანებზე”, – წერს ის.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ალტ-ინფოს” აქციაზე ადმინისტრაციული წესით 26 პირი დააკავეს. მათ პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

პრორუსულმა პლატფორმამ „ალტ-ინფომ” გაავრცელა ცნობა, რომ დაკავებულები არიან პარტიის ლიდერები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო.