ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ - ანზორ ჩუბინიძე გავრცელებულ ჩანაწერზე

პუბლიკა

6 მარტს „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების ერთერთი ფიგურანტი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრები გამიზნული პროვოკაციაა.

„ეს იყო გამიზნული პროვოკაცია დაფუძნებული რაღაც ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, რომ დაარწმუნონ ქართველი საზოგადოება, რომ ანზორ ჩუბინიძე კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება – ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ბრალდება. საფუძველი არის გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ „იმედის კვირაში“.

ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ მათთვის ანგარიშის გასწორებას, ვინც სოციალურ ქსლებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.

თავის მხრივ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო დაცვის უფროსი, ჩანაწერის მიხედვით, საუბრობენ ამ დავალებების აღსრულებაზე.