ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება – გახარია ემიგრანტების ჩამოყვანაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ემიგრანტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა:

„საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ”, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება.


მიხეილ სააკაშვილმა 27 მარტს საქართველოს მთავრობას მიმართა და განაცხადა, რომ მან სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 1 000-მდე მოქალაქის ჩამოსაყვანად სახსრები მოიძია და გეგმის განსახორციელებლად მთავრობის ნებართვა მოითხოვა.

„მე, ჩემი მეგობრების დახმარებით, მოვიძიე რესურსები და ვიპოვე ავიაკომპანიები, რომლებიც უახლოეს დღეებში ჩამოიყვანენ საქართველოში 1 000 ადამიანს გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ასევე, ამის პარალელურად, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ავტობუსებით ჩამოვიყვანოთ რამდენიმე ათასი ადამიანი საბერძნეთიდან და თურქეთიდან, თუ, რა თქმა უნდა, იქნება ასევე თანამშრომლობა თქვენი მხრიდან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.