„ამაზე ალბათ იქნება მსჯელობა" - ქადაგიშვილი ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევის შეცვლაზე

პუბლიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს მმართველი გუნდის მხარდაჭერა არ ექნებათ.

ამასთან, უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებებზე შესაძლოა, გუნდში მსჯელობაც გაიმართოს.

ქადაგიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის 2/3-ით არჩევის წესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ზოგიერთი თავსმოხვეული კანონი მანკიერია“.

„ჩვენ დავინახეთ, რამდენად მანკიერია ის თავზე მოხვეული ზოგიერთი კანონი, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ იქნა მიღებული. 2/3- ით ადამიანის თანამდებობაზე განწესება არის აბსოლუტურად არაეფექტური და ამის მომსწრე ვართ ყველანი დღეს. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ეს არის უკიდურესად პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი ობიექტური დასაბუთება არ აქვს, რადგან ადამიანმა, რომელიც იქნა არჩეული დროებითად, ჩაატარა არჩევნები ისე, რომ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ მისი საქმიანობა და საარჩევნო კომისიების საქმიანობა შეფასებულ იქნა უმაღლეს დონეზე და ასეთ ადამიანს უარს ეუბნებიან კონკურსში გასვლაზეც კი. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შევაგებებთ.

ჩვენ ვითხოვთ ხოლმე ყოველთვის ერთ რამეს, მოდით, ევროკომისიამ და იგივე ევროპარლამენტმა რეკომენდაცია გაუწიოს ხოლმე ისეთი კანონის მიღებას, რაც მათ ქვეყნებში მაინც მოქმედებს. რატომ უნდა იყოს საქართველოში ისეთი კანონი, რომელიც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის? რატომ გვეუბნებიან, რომ ისეთი კანონი მივიღოთ, რომელიც ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ არის, რატომ?!”, – განაცხადა ქადაგიშვილმა 9 აგვისტოს.

შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის მოქმედი წესი შეიცვალოს, ქადაგიშვილი აცხადებს:

„არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა. ზოგადად მიმაჩნია, რომ ეს 2/3 თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება დემოკრატიული არჩევანის პრინციპს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.


ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა თავდაპირველად 2/3-იანი კვორუმით ტარდება. იმ შემთხვევაში, თუკი ცესკოს თავმჯდომარის  2/3-ით არჩევა ვერ ხდება, კენჭი მათ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრება. 2/3-იანი კვორუმით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობას 5-წლიანი ვადით იკავებს, უბრალო უმრავლესობით დამტკიცებული კი – 6 თვის ვადით.

ცესკოს დაკომპლექტების არსებული მოდელი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია.


პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.

ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.