„ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია. შემიძლია 1 საათში გადავკეტო ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, ხელისუფლებამ მოსახლეობას არჩევანის საშუალება მისცა და დასძინა, რომ ქვეყანას ვაქცინის 3 მილიონზე მეტი დოზა აქვს.
„ქვეყნის ჩაკეტვა დღეს შეუძლებელია. ლოკალური შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს. სიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ. მთელმა მსოფლიომ ანალოგიური გზა გაიარა. მეოთხე და მეხუთე ტალღები მიმდინარეობს ყველგან. ყველა ქვეყანაში, რომელმაც გახსნა ეკონომიკა. ეკონომიკის გახსნას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. აშშ-მა, ნომერ პირველმა სახელმწიფომაც კი არ ჩაკეტა ქვეყანა. იგივე განაცხადეს ევროპელებმა. შედეგი არის ის, რომ დღეს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 86 ადამიანი დაიღუპა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ვირუსს 7 649 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.