პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის კანდიდატობაზე უფიქრია და ამაზე ახლაც ფიქრობს.
ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.
მისი განმარტებით, ამის მოტივაცია იმ ხედვების განხორციელებაა, რაც მას ოპოზიციასთან მიმართებით აქვს.
„პირველი ჩემი მოტივაცია არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და ზოგადად, ოპოზიციის დღის წესრიგი განისაზღვროს ისე, როგორც მე ეს წარმომიდგენია.
მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს ერთგვარი ქოლგა პარტია, თუ დიდი პლატფორმა, რომელშიც თავი უნდა იპოვოს ძალიან ბევრმა ჯგუფმა.
მეორე, მომისმენია ძალიან ბევრი ადამიანისგან, ვისაც ესმის ნაციონალური მოძრაობის, როგორც სისტემური პოლიტიკური პარტიის მნიშვნელობა იმ გარდატეხისთვის, რაც საზოგადოებაში უნდა მოხდეს. რა მესმის? არ მოსწონთ და წუხს ყველა, რომ ზოგჯერ ის კონკურენცია, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, არცთუ სასურველ სახეს იღებს. მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ უნდა დავუკაროთ არც ნიკას მელიას, არც ლევან ხაბეიშვილს, არც გიორგი მუმლაძეს ის ღირსებები, რაც მათ გაუკეთებიათ […] მაგრამ მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი რამ არის საჭირო ამ პარტიისთვის, რომ ის იყოს პლატფორმა, რომელიც შეკრავს ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს”, – განაცხადა მან.
ჭიაბერაშვილის თქმით, მას მცდარ მესიჯად მიაჩნია, რომ არჩევნების შემდეგ გაათავისუფლებენ სააკაშვილს. მისი პოზიციით, კამათი პიროვნებების კი არა, სტრატეგიის გარშემო უნდა იყოს.
წამყვანის შეკითხვაზე, რამდენიად სერიოზულია მისი ფიქრი თავმჯდომარეობაზე და ხედავს თუ არა თავს პარტიის განსხვავებული ამომრჩევლის გამაერთიანებლად, ჭიაბერაშვილი პასუხობს, რომ თუ გადაწყვეტს კანდიდატურის დაყენებას, შემდგომ გასცემს ამ შეკითხვებზე პასუხს.
მოგვიანებით ზურაბ ჭიაბერაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი განმარტება გაავრცელა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის პოსტს კომენტარით გამოეხმაურა პარტიის წევრი ანი წითლიძე:
„მე მგონი ისე ხართ რეალობას მოწყვეტილი, შეხსენება გჭირდებათ. 2016 სად მიდიოდით ლანძღვა-გინებით და ჩვენი მიწასთან გასწორებით თუ თავმჯდომარეობა გინდოდათ? გაგიფრენიათ, ამაზე თუ მართლა ფიქრობთ, აი, ისინიც აფრენენ ვინც გაგულიანებთ. თქვენთან თანამშრომლობა ერთია, ამ ჭრილში ბევრ თქვენს დანაშაულზე ენმ-სთან თვალი დავხუჭეთ. მეორეა თავხედობა, თავმჯდომარეობა გინდოდეთ“, – მიმართა მან ჭიაბერაშვილს.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე:
„ისტორია მეორდება ორჯერ, პირველად როგორც ტრაგედია და მეორედ როგორც ფარსი“ – ეს ლოზუნგი მოუხდებოდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს. მთელი სერიოზულობით რომ ვიგრძნოთ მომენტის ტრაგიკომიკურობა, შემოვდივარ წინადადებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭი იყაროს განდგომილმა სოზარ სუბარმა, ისიც ხომ ერთ დროს ნაციონალი იყო?!“, – წერს ის.
დავით კირკიტაძე, რომელიც მომავალ არჩევნებში ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს, ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფს დადგენილი აქვს მინიმალური ფილტრი, ვის შეუძლია კანდიდატად თავის წარდგენა.
„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი რომ გახდე, სამუშაო ჯგუფს მინიმალური ფილტრი უკვე დადგენილი აქვს და სოლიდურად მხოლოდ სურვილების გამოხატვა არ გამოიყურება. ისე ძალიანაც ნუ გაიგიჟებთ თავს, კარგად გვახსოვს ვინ ვინ დააბრუნა ოფისში, თორემ ელექტორალური ფასი ვის როგორი აქვს, იხილეთ თელავის მაჟორიტარული ოლქის შედეგები 2020 -ში“, – განაცხადა კირკიტაძემ.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარტიის გაყოფის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა. გასულ წელს მან „ევროპული საქართველოც“ დატოვა და განაცხადა, რომ გზა ახალგაზრდა თაობას უნდა დაუთმოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ამ ეტაპზე კენჭს იყრიან პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და აქტივისტი გიორგი მუმლაძე. გორგი ჩალაძემ კანდიდატურა მოხსნა.
ჯერჯეობით უცნობია, როგორ და რა ფორმატში ჩატარდება პარტიაში არჩევნები.