„ამაზე ოცნებობს ძალიან ბევრი“ - გომელაური გადადგომის მოთხოვნაზე

პუბლიკა

„ამაზე ოცნებობს ძალიან ბევრი…“, – ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა ის თანამდებობის დატოვებას 5 ივლისის მოვლენების გამო.

კიდევ ერთ შეკითხვაზე, მივა თუ არა შს მინისტრი პარლამენტში ოპოზიციური პარტიების ნაწილის მოთხოვნით, გომელაური პასუხობს: „თუ საჭირო იქნება, მივალ, რა თქმა, უნდა. რა პრობლემაა?“. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ მივიდა კონკრეტულ კომიტეტზე, როცა დაიბარეს, გომელაური პასუხობს:

„ამას აქვს თავისი პროცედურები. ერთი კაცის გამოსვლა და დაბარება არ არის…  თავისი პროცედურაა, თავისი კანონი აქვს, წესი აქვს და როცა საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, მოვახსენებ“, – განაცხადა გომელაურმა.


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომის საკითხი აქტუალური 5 ივლისის მოვლენების შემდეგ გახდა, რა დროსაც, შსს-ის თქმით, 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტი, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლის მიმართ.

მინისტრის პარლამენტში მისვლას და შეკითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვდნენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც. ისინი ამბობდნენ, რომ საჭიროა გომელაურის მისვლა პარლამენტში, რომ პასუხი გასცემოდა კითხვას – „რატომ ვერ დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე“.