შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამბროლაურში დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს და 1990 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ლ.ა. დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.