ამდენი პატიმრის და უბედურების ფონზე არ ვითხოვ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულ სიმპათიას - სააკაშვილი

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა მოინახულა. მან მედიასთან წაიკითხა ყოფილი პრეზიდენტის გზავნილი. სააკაშვილი ამბობს, რომ რუსთავის ციხეში გაფრთხილების გარეშე გადაიყვანეს. მისივე თქმით, „ამდენი პატიმრის და უბედურების ფონზე მე არ ვითხოვ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულ სიმპათიას“.

„ივანიშვილი ყოველ დილას იწყებს აკვიატებული ფიქრით, აბა, დღეს ვის რა ვავნო. ჰოდა, ამჯერად მე დამაბრუნა დილეგში გუშინ. რა თქმა უნდა, გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში. მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს და ამ მოწამვლის სიმპტომები დღემდე მაქვს დარჩენილი. მადლობა „ვივამედის“ იმ ექიმებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩემი სიცოცხლისთვის. ამდენი პატიმრის და უბედურების ფონზე მე არ ვითხოვ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულ სიმპათიას.

რატომ დამაბრუნეს სწორედ ახლა ჯალათებთან?! ჯერ ერთი იმიტომ, რომ უნდათ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება, მეორეც, ეს უგზავნის კონკრეტულ გზავნილს დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ვირიცხები ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ. საქმე იმაშია, რომ ივანიშვილმა თავის დროზე აიღო ვალდებლება ჩემი სიცოცხლის შენარჩუნების და ახლა ამ ნაბიჯით ეუბნება ევროპელებს და ამერიკელებს, რომ ეს დაპირება, როგორც ყველა სხვა, ძალაში აღარაა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებულია მოსკოვთან. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოსთვის მე ვარ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული რეფორმების და ასევე საქართველოს თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო. ანადგურებენ საქართველოს, თავისუფლებას და დამოუკიდებელობას და მანადგურებენ მეც.

დღეს მინდა ვუთხრა ადამიანებს ის, რასაც მთელი ეს დრო ვეუბნებოდი: არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ და იბრძოლეთ, ვინაიდან ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. დიდება თავისუფლებას!“


12 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, „სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას“.

პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა“, კლინიკიდან გაწერეს.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ის მუნიციპალური არჩევნების წინ უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. იმ დროისთვის მის წინააღმდეგ 4 საქმე იყო აღძრული, საიდანაც ორზე უკვე გამამტყუნებელი განაჩენი იყო გამოტანილი. ციხეში ყოფნისას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, ის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფებოდა.

მიხეილ სააკაშვილს ამ დროისთვის განხილულ საქმეებზე გამოტანილი განაჩენების მიხედვით, 12.5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.