ამჟამინდელი ინფორმაციით, NDI-ს და IRI-ს დამკვირვებლები არ ჩამოვლენ არჩევნებზე – კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამჟამინდელი ინფორმაციით, NDI-დან და IRI-დან არ ჩამოვლენ დამკვირვებლები არჩევნებზე. მისი თქმით, ასეთივე გადაწყვეტილებები მიიღეს მათ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც. მაგალითად, უკრაინაში ტარდებოდა მუნიციპალური არჩევნები და იქაც გაუქმდა დაგეგმილი ვიზიტი.

„პირადად მქონდა შეხვედრა IRI-ის ოფისის ხელმძღვანელთან, რომელმაც განმარტა ვიზიტის ამ ეტაპზე გაუქმების საფუძველი, თუმცა გარკვეული იმედი ჯერ კიდევ არსებობს, რომ შეიძლება ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. ჩვენ ვქმნით მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში. ამ შემთხვევაში დადგენილია სპეციალური პროტოკოლი, გათვალისწინებულია მხოლოდ PCR ტესტირება დამკვირვებლებისთვის. ასევე ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებული იქნება ლოჯისტიკური განსხვავებული პირობებიც. მაგალითად, შეიძლება სპეციალური რეისების ორგანიზებაც კი იმისათვის, რომ დამკვირვებლებს გაუადვილდეთ საქართველოში ჩამოსვლა.

დღევანდელი მდგომარეობით ვფიქრობთ, საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოვლენ დამკვირვებლები საქართველოში, მათ შორის, ეუთო-დან, სხვა საპარლამენტო ასამბლეებიდან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა ვიზიტიც იგეგმება. არის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც განიხილება ჩამოუსვლელობის საკითხი. ეს არის IRI, NDI, ევროპარლამენტი და ჯერ კიდევ ადგენენ, ზოგადად წესებს არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში. აქ, მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.