ამერიკა საქართველოს 132 მილიონი აშშ დოლარით დახმარებას გეგმავს – ზალკალიანი

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ესტუმრება.

დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 2020-2021 წლების საბიუჯეტო კანონპროექტი საქართველოსთვის 132 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.

„2020 წლის 10 ნოემბერს გასაჯაროვდა 2020-2021 ფისკალური წლის აშშ-ის საბიუჯეტო კანონის სენატის ასიგნების კომიტეტის ვერსია. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს დასახმარებლად 132 მილიონი აშშ დოლარი განისაზღვრა. პროექტის ამავე ქვეთავში ასევე მოქცეულია საქართველოს მხარდამჭერი გზავნილი. საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რომლის თანახმადაც, კანონით გამოყოფილი ფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ სახელმწიფოს ცენტრალური მთავრობა, რომელთან მიმართებაშიც აშშ-ის გენერალური მდივანი დაადგენს და შესაბამის კომიტეტს ანგარიშს წარუდგენს, რომ ამ ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ან ცხინვალის დამოუკიდებლობა და/ან მათთან დაამყარა რაიმე სახის ურთიერთობები.

კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვან ტენდენციებს ცხადყოფს. საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი აშშ-ის საკანონმდებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია და ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყოველწლიურად იზდება საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერა და ბოლო 4 წელიწადში ეს მხარდაჭერა 50 მლნ-ით გაიზარდა.