ამერიკამ პანდემიის ურთულეს პერიოდში პირველ რიგში თვალი მიაპყრო ღმერთს – ილია II

პუბლიკა

საქართველოს საპარტიარქო ავრცელებს კათოლიკოსს-პარტრიარქის ილია II-ის წერილს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა (CDC) დირექტორის, რობერტ რედფილდის სახელზე.

„მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ამერიკამ, რომელისაც აქვს უძლიერესი ეკონომიკა და უმძლავრესი სამედიცინო სისტემა, პანდემიის ურთულესი პერიოდი გაიარა არა მარტო ადამიანური შესაძლებლობების იმედად, არამედ, პირველ რიგში, თვალი მიაპყრო ღმერთს და ამითაც მაგალითი უჩვენა მსოფლიოს.

შევთხოვ უფალს, მოგმადლოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ყოველ ღვთისსათნო საქმეში წარმატება, ხოლო ქვეყანას თქვენსას არ მოაკლოს მშვიდობა, შემდგომი წინსვლა და ღვთის მფარველობა”, – წერია ილია II-ის წერილში.

საპატრიარქოს ცნობით, პატრიარქმა წერილი ასევე გაუგზავნა აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს და მადლობა გადაუხადა იმაზე, რომ მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოში გაიხსნება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეგიონული ოფისი, რომელიც მოემსახურება 10 ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.