რუსეთმა აშშ-ის 1 000-მდე მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მათ შორის, უკრაინისათვის აშშ-ის მხარდაჭერის გამო რუსეთში ვეღარ შევლენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც.
სანქცირებულთა სიის შედგენისას რუსეთში უცნაური გადაწყვეტილებაც მიიღეს. რუსეთში შესვლის აკრძალვა მოქმედ პოლიტიკოსებთან ერთად გარდაცვლილებსაც შეეხოთ. მათ შორის არიან სენატორები: ჯონ მაკკეინი, ორინ გეტჩი და ჰარი რიდი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ეს სანქცია „რუსოფობიის გაღვივებისთვის“ დააწესეს. გარდაცვლილ პოლიტიკოსებთან, ბაიდენსა და კამალა ჰარისთან ერთად, ქვეყანაში შესვლა აეკრძალა ბაიდენის შვილს ჰანტერ ბაიდენს, სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინსა და სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს უილიამ ბერნსს.
ასევე პოლიტიკოსებთან ერთად რუსეთში შესვლა აუკრძალეს მსახიობ მორგან ფრიმენსაც.