მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ;
2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არათუ არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია, არამედ წლების განმავლობაში ქვეყნის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან უფრო და უფრო მეტის მიტაცებას ცდილობენ. ხელოვნური ბარიერები, მავთულხლართები, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ომის შემდეგ გაჩნდა, მათი რაოდენობა გაიზარდა და ამ „ბორდერიზაციის“ შედეგად საქართველოს არაერთი მოქალაქის მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ამერიკელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დასავლეთმა უფრო ეფექტურად უნდა დაგმოს კონკრეტულად „ბორდერიზაციის“ პროცესი და რუსეთს ამისთვის ცალკე საფასური გადაახდევინოს.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების, მავთულხლართების, ხელოვნური ბანერების, ღობეების მონტაჟი ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ გაააქტიურეს. სწორედ ამ პროცესს დღეს საქართველოშიც და მის საზღვრებს გარეთაც “ბორდერიზაციის” სახელით იცნობენ. “ბორდერიზაციის” ათვლის თარიღად 2011 წელს მიიჩნევენ, როდესაც ე.წ. მესაზღვრეებმა 1კმ-იანი მავთულხლართი გორის რაიონის სოფელ დიდ ხურვალეთში გაავლეს. ამის შემდეგ საოკუპაციო ხაზი არაერთი სხვა სოფლის ტერიტორიაზეც გაივლო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 350 კმ-ზე მეტს შეადგენს. ამ ხაზის გასწვრივ კი სულ დაახლოებით 52 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები და ღობეებია გავლებული.
ბევრი მათგანი, ვინც 2008 წელს ომს გადაურჩა, და მათ სოფლებზე თუ სახლებზე საქართველოს მთავრობის კონტროლი ვრცელდებოდა, საოკუპაციო ხაზს მიღმა წლების მერე აღმოჩნდა. გახლეჩილი ოჯახები, ორად გაყოფილი მიწები, საქართველოს გატაცებული, დაჭრილი თუ დაღუპული მოქალაქეები, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოკუპაცია პროცესი იყოს, და არა – მდგომარეობა.
ამერიკელი ანალიტიკოსები დასავლეთის მხრიდან რუსეთზე წნეხის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ „მცოცავი ოკუპაცია“ ცალკე სანქციების თუ სხვაგვარი საპასუხო ზომების მიზეზი უნდა გახდეს. დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით, რომ როა დასავლეთმა შეცვალოს რეალობა, რომლის მიხედვითაც, უშუალოდ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთს სანქციები არ დაწესებია:
„პუტინის რეჟიმს 2008 წელს საქართველოში შეჭრის გამო სანქციები არ დაწესებია. არც ახალი სანქციები ყოფილა იმისთვის, რასაც ის საქართველოში აკეთებს. მჯერა, რომ დროა, შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და კანადამ თუ სხვა მოკავშირეებმა უფრო ძლიერი პოზიცია გამოხატონ და ნათელი გახადონ, რომ ეს „მცოცავი ბორდერიზაცია“ მიუღებელია და თუ ის გაგრძელდება, ამისთვის საფასურის გადახდა იქნება საჭირო”, – ამბობს კრამერი და დასძენს, რომ საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც საკუთარი მომავლის გადაწყვეტა შეუძლია. რუსეთს კი არანაირი უფლება არ აქვს ამაში ჩაერიოს, არა თუ შეიჭრას მეზობელ საქართველოსა თუ უკრიანაში.
„ვფიქრობ, საქართველო უნდა გახდეს ფაქტორი ამერიკის სანქციების პოლიტიკაში და უნდა მივმართოთ სანქციები უშუალოდ ამ „მცოცავი ბორდერიზაციის“ და სადემარკაციო ხაზის გადმოწევის წინააღმდეგ. ვშიშობ, ესაა ერთადერთი გზა, რომლითაც ბატონი პუტინი გაიგებს, რომ ამგვარი ქცევა მიუღებელია”, – ამბობს კრამერი „ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.
დასავლეთისგან უფრო ეფექტური ნაბიჯების მომხრეა მაიკლ კარპენტერიც, პენ-ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორი. თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე რუსეთის, უკრაინის, ევრაზიისა და ბალკანეთის მიმართულებით ფიქრობს, რომ საქართველოსთვის თავდაცვის მიმართულებით მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და ამასთან, კრემლმა კონკრეტულად ბორდერიზაციის პოლიტიკისთვის პასუხი უნდა აგოს:
„ჩვენ უნდა განვაგრძოთ საქართველოს დახმარება მისი თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების, განსაკუთრებით კი ტერიტორიული თავდაცვის გასაძლიერებლად. ამას წლებია ვაკეთებთ. პენტაგონმა არაერთი ნაბიჯი გადადგა, რათა უსაფრთხოების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობა გაძლიერებულიყო, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი: რუსეთს უნდა დაეკისროს ამ ქმედებების საფასური. ვფიქრობ, იმისთვის, რომ ეს შეწყვიტოს, რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ ბორდერიზაციის პოლიტიკა მიუღებელია და კრემლისთვის მისი [საზიანო] შედეგები აჭარბებს სარგებელს”, – უთხრა ამერიკის ხმას კარპენტერმა.
მკვლევარის აზრით, იმის მიუხედავად, თუ როგორ რიტორიკას ირჩევს ქვეყნის ხელისუფლება კრემლის მიმართ, გზავნილი ოკუპაციის დასაგმობად მკაცრი, ერთიანი და მკაფიო უნდა იყოს.