ამერიკელი კონგრესმენები: ივანიშვილი მოქმედებს, როგორც სამხედრო დამნაშავე პუტინის სუროგატი

პუბლიკა

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ქართველი ხალხის პროტესტსა და „მეგობარი აქტზე“ საუბრობს და ბიძინა ივანიშვილს „პუტინის სუროგატს” უწოდებს.

„მე და კონგრესმენ კოენს გვინდა, პატივი მივაგოთ ქართველ ხალხს მათი გამბედაობისთვის წინ აღუდგეს, ივანიშვილს, მილიარდერს, რომელიც მოქმედებს როგორც სამხედრო დამნაშავე პუტინის სუროგატი,” – ამბობს უილსონი „ამერიკის ხმასთან.”

ინტერვიუში უილსონი და კონგრესმენი სტივ კოენი „მეგობარი აქტზე” საუბრობენ, რომელსაც ისინი თავიდან წარადგენენ. კონგრესმენების განცხადებით, კანონპროექტი არ ითვალისწინებს მხოლოდ სადამსჯელო ქმედებებს და წარმოაჩენს მათ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ.

„მე და კონგრესმენი კოენი თავიდან წარვადგენთ „მეგობარი აქტს“, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. თქვენ კიდევ უფრო ხშირად ნახავთ რესპუბლიკელებისა და დემოკრატების [საქართველოს საკითხზე] კვლავ ერთად მუშაობას. [მეგობარი აქტი] აჩვენებს იმ სიყვარულსა და მხარდაჭერას, რომელიც ქართველი ხალხისადმი გვაქვს.

რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთად ვმუშაობთ, სანქციების აღსრულების ხელშესაწყობად, ასევე, ქართველი ხალხისთვის წამახალისებელი ნაბიჯების პოპულარიზაციისთვის, მას შემდეგ, რაც მათი დემოკრატია სრულად აღდგება, რათა დაინახონ, როგორ შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებს უფრო მჭიდროდ იმუშაონ ქართველ ხალხთან. ასე რომ ეს ძალიან დადებითი აქტი იქნება,” — ამბობს ჯო უილსონი.

უილსონმა „ამერიკის ხმასთან” ისაუბრა „ქართული ოცნების” პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის არაერთხელ გაკეთებულ განცხადებაზეც, რომ მას იმედი აქვს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობები გაუმჯობესდება. უილსონის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციაში არიან ისეთი ადამიანები, ვინც ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას 2020 წლიდან ითხოვს.

„მაიკ უოლცი, რომელიც [პრეზიდენტ ტრამპის] ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იქნება 2020 წელს ივანიშვილის დასანქცირების ერთ-ერთი ინიციატორი იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი ერთ-ერთი ავტორი იყო იმ ანგარიშისა, სადაც ივანიშვილის დასანქცირება იყო მოთხოვნილი.

მაიკ ჯონსონი, მაიკ უოლცი და მარკო რუბიო, ყველანი მუშაობენ დონალდ ტრამპის ბუნებრივი მიდრეკილებით, რომ მხარი დაუჭიროს თავისუფლებას და დემოკრატიას. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის მისი გადაწყვეტილების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ ორპარტიულ მუშაობას. ტრამპის ადმინისტრაციაში თავისუფლებისა და დემოკრატიის ნამდვილი მეგობრები და საბჭოთა იმპერიის მოწინააღმდეგეები არიან.” — ამბობს კონგრესმენი უილსონი.

კონგრესმენმა სტივ კოენმა „ქართულ ოცნებაზეც” ისაუბრა. მან „ოცნება” კრემლს შეადარა და თქვა, რომ მათ პუტინთან დაახლოება სურთ, რაც მისი აზრით, „სრულიად უაზროა”.

„ქართველებმა უბრალოდ გორისკენ უნდა გაიხედონ რათა გაიგონ ვინაა პუტინი, რადგან პუტინი სტალინის მემკვიდრეა. მათ მთავრობას პუტინთან მიჯაჭვულობა სურს, ეს სტალინის სატელიტებთან შეთანხმებას ჰგავს. ზოგჯერ პოლიტიკაში ვხედავთ ალიანსებს, რომლებიც სრულიად უაზროა.” — ამბობს დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი.

სტივ კოენი „მეგობარი აქტის” გარდა წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს შესახებ კიდევ ერთ კანონპროექტს, “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენს, რაც გულისხმობს იმას, რომ აქტის მიღების შემთხვევაში, აშშ-ის მთავრობა ლეგიტიმურად არ აღიარებს საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ოფიციალურ შედეგებს.