ამერიკელი სენატორები „ქართველი ხალხის აქტს“ წარადგენენ, რომელიც სანქციებს მოიცავს - „ამერიკის ხმა“

პუბლიკა

წარმომადგენელთა პალატაში „მეგობარი აქტის“ შესაძლო ინიციირების პარალელურად, საქართველოსთან დაკავშირებული მსგავსი პროექტის ინიციატივის წარდგენა იგეგმება აშშ-ის სენატშიც. „ქართველი ხალხის აქტის“ ინიციატორები, რომელიც ერთი მხრივ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციებს, მეორე მხრივ, კი ქართველი ხალხის მხარდაჭერას მოიცავს, სენატორები – ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში არიან. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კანონპროექტი შექმნის ჩარჩოს, რათა პასუხი აგონ იმ პირებმა, ვინც პასუხისმგებელია კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და „უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის“ დაწინაურებასა, ან მისი მიღების ხელშეწყობაზე.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შეერთებული შტატების გრძელვადიან მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, „რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მომავალს“.

როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, მათთვის მიწოდებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონმდებლობა ორ ნაწილს მოიცავს.

„პირველი ნაწილი:

  • განმარტავს შედეგებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელის შეშლაზე, მათ შორის: სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას, ქართველ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესდეს, უცხოური აგენტების კანონის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში მონაწილეობისთვის.
  • მოითხოვს ახალი სანქციების დაწესებას იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა ან ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრაში და სახელმწიფო დეპარტამენტის დავალდებულებას, არსებული სანქციების ჩარჩო გავრცელდეს ქართველი ინდივიდების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე.
  • სთხოვს სახელმწიფო დეპარტამენტს, საქართველოს მიმართ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას, მათ შორის სამხედრო დახმარების გადახედვას და შეერთებული შტატების მთავრობის ყველა დაფინანსების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც მატერიალურ დახმარებას მოიცავს.
  • მოიცავს აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის სამუდამოდ შეჩერების მოწოდებას.

ხოლო მეორე ნაწილი:

  • ხაზს უსვამს აშშ-ს სენატის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით.
  • გამოჰყოფს არანაკლებ 50 მილიონ აშშ დოლარს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად.
  • ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) განსაზღვროს, თუ როგორ გააგრძელოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, ბოლო მოვლენების გათვალისწინებით.
  • მოითხოვს ორი ანგარიშის შედგენას, რათა შეფასდეს (1) უცხოური მავნე გავლენის მასშტაბი საქართველოში და (2) ძალისხმევა ქართველი პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად“, – წერს „ამერიკის ხმა“.

გამოცემის ინფორმაციით, კანონპროექტის ინიციირება სენატში ამ კვირაში მოხდება. ხოლო როგორც მისი ინიციატორები ამბობენ, კანონპროექტის მიზანი იმ პირების დასჯაა, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე არიან პასუხისმგებელი და ამავდროულად, ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოხატვაა.