ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აპლიკაცია Signal-ის ჩატში, სადაც მნიშვნელოვან სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ, შემთხვევით გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი დაამატეს.
ინფორმაციას თავად გოლდბერგი აქვეყნებს სტატიაში სათაურით: „ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით თავისი საომარი გეგმები გამიზიარა“.
გოლდბერგის თქმით, ყველაფერი 11 მარტს დაიწყო, როცა აპლიკაცია Signal-ში დაკავშირების მოთხოვნა მიიღო მომხმარებელი „მაიკლ უოლცისგან“, რომელიც დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველია.
გოლდბერგის თქმით, რა თქმა უნდა, მომხმარებლის ნამდვილობა ეჭვქვეშ დააყენა, თუმცა დაკავშირებაზე მაინც დასთანხმდა.
რაც შეეხება, საერთო ჩატს სათაურით Houthi PC small group, გოლდბერგი იქ „უოლცთან“ დაკავშირებიდან 2 დღის შემდეგ დაამატეს.
ჩატის წევრები აშშ-ის მაღალი რანგის 18 ოფიციალური პირი იყო, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტი, ჯ.დ. ვენსი, თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ უოლცი.
გოლდბერგი წერს, რომ 15 მარტს, 11:44 საათზე, „ჰეგსეთმა“ ჩატში დეტალური ინფორმაცია გააზიარა აშშ-ის მოსალოდნელ საჰაერო იერიშზე იემენში. ჟურნალისტის თქმით, 2 საათში მოვლენები სწორედ ისე განვითარდა, როგორც გაზიარებულ ინფორმაციაში ეწერა და მისი ეჭვები ჩატის წევრების ავთენტურობაზე დადასტურდა.
იერიშის შემდეგ ჩატში „მაიკლ უოლცმა“ განახლება გაგზავნა. გოლდბერგი შეტყობინებას ზუსტად არ ციტირებს, მაგრამ, მისი თქმით, უოლცი ოპერაციას „საოცრად შესრულებულად“ აღწერდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ გამოჩნდა „ჯონ რატკლიფის“, CIA-ის დირექტორის, შეტყობინებაც: „კარგი დასაწყისია. საუბარში ჩაერთო „ჯ.დ. ვენსი“, „MAR“ (მარკო ენტონი რუბიო), „სტივ უიტკოფი“, ტრამპის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში.
გოლდბერგის თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ ჩატი დატოვა.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭომ დაადასტურა, რომ შეტყობინებები ნამდვილი იყო და რომ გოლდბერგი მართლაც შეცდომით დაემატა Signal-ის ჩატში.
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნულ ინციდენტს უსაფრთხოების მაღალ რისკად არ აფასებენ, გოლდბერგის თქმით, ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი შეცდომა ღრმად შემაშფოთებელია.
საკითხთან დაკავშირებით გოლდბერგი რამდენიმე იურისტს ესაუბრა. მისი თქმით, მაიკლ უოლცმა, შესაძლოა, დაარღვია Espionage Act-ის რამდენიმე დებულება, რომელიც ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის გაზიარებას არეგულირებს.
გოლდბერგი ხაზს უსვამს კიდევ ერთ პრობლემას. აპლიკაციას აქვს ფუნქცია, რომლითაც გაგზავნილი შეტყობინებები შეიძლება, გარკვეული დროის შემდეგ წაიშალოს. მისი თქმით, უოლცმა ერთ-ერთი შეტყობინება სწორედ ამ ფუნქციის გამოყენებით გაგზავნა, რათა ის 1 კვირის შემდეგ წაშლილიყო.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ეს ახალ კითხვებს აჩენს იმაზე, ირღვევა თუ არა ამით ფედერალური ჩანაწერების კანონი, რადგან კანონის მიხედვით, ოფიციალური აქტების შესახებ ტექსტური შეტყობინება, მიიჩნევა ჩანაწერებად, რომლებიც უნდა იქნეს შენახული.
გოლდბერგი სტატიაში წერს, რომ აპლიკაცია Signal მთავრობის მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაზიარებისთვის დამტკიცებული არ არის, რადგან ხელისუფლებას საამისოდ ცალკეული სისტემები აქვს.
მისივე თქმით, თუ ოფიციალურ პირებს სამხედრო გეგმების განხილვა სურთ, მათ ეს სპეციალურად შექმნილ სივრცეში უნდა გააკეთონ, საკუთარ სახლში ან კომუნიკაცია ჰქონდეთ მთავრობის მიერ დამტკიცებული მოწყობილობებით.
გამოცემა POLITICO-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა უთხრა, რომ მაიკ უოლცის შესახებ რამდენიმე განხილვა მიმდინარეობს.
წყაროს ცნობით, თეთრი სახლის ორმა მაღალჩინოსანმა წამოაყენა საკითხი, რომ მაიკლ უოლცმა თანამდებობა უნდა დატოვოს.
„უგუნურობა იყო ამ საკითხის Signal-ში განხილვა. ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს არ შეუძლია, რომ უგუნური იყოს“, — ამბობს წყარო POLITICO-სთან.
თეთრ სახლთან დაახლოებული პირის თქმითვე: „თეთრ სახლში ყველა თანხმდება ერთ რამეზე: მაიკ უოლცი იდიოტია“.