საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, უკვე საქართველოშია.
მთავრობაში ამბობენ, რომ მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად. მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰიდან, სპეცრეისით თბილისამდე, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. ქართველ მოსწავლეებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან, რომლებიც ქართველ მოსწავლეებთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდნენ.
„მოსწავლეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიარეს სავალდებულო თერმოსკრინინგი და შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ავტობუსებით, ჭადრაკული განლაგებით, განთავსდნენ თბილისსა და კახეთში არსებულ 2 სასტუმროში, სადაც 14 დღეს დაჰყოფენ და შემდეგ დაუბრუნდებიან ოჯახებს. კარანტინის დროს, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით და ექიმის 24-საათიანი მეთვალყურეობით, ხოლო უშუალოდ საკარანტინო ზონებს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ.
რაც შეეხება მოსწავლეებს სომხეთიდან, ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთში გაემგზავრნენ“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.