ამერიკის ელჩის განცხადება პარლამენტის და სახელმწიფოს შეურაცხყოფაა - კობახიძე

პუბლიკა

„ელჩი შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრს, ეს არის რბილად, რომ ვთქვათ დასანანი და პარლამენტისთვის და სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი და მე, როგორც პარლამენტის წევრი, ვალდებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში კოლეგიალობიდან გამომდინარეც და სახელმწიფო ინსტიტუტის ინტერესებიდან გამომდინარე ჩემი პოზიცია დავაფიქსირო”. – ამბობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

„ზოგადად ფორმასთან დაკავშირებით მართლა შეურაცხმყოფელია, როდესაც ასეთი რაღაც ხდება. შინაარსს რაც შეეხება, როდესაც საუბარია ტყუილებზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ აქ დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ როდესაც საუბარია გარკვეულ ბრალდებაზე, არჩეული პარლამენტარის მიმართ, იქ არგუმენტებიც უნდა იყოს მოყვანილი ხომ?

როცა საუბარია იმაზე, რომ დავუშვათ, არ მახსოვს ახლა დეტალები, მიშა ყაველაშვილი ციტირებს ეკა გიგაურს და მერე ამბობს, რომ იქნებ გამიჯნოდით ამას, როგორც მახსოვს ეს იყო წერილის შინაარსი. ანუ, რა არის ამაში ტყუილი, ხომ უნდა განიმარტოს? ეკა გიგაურის ციტატა იყო არასწორად მოყვანილი თუ გამიჯვნის თაობაზე რაღაც საკითხის დასმა არის ტყუილი, თუ რა არის ხო?

იგივე ეხება ლომჯარიას – ლომჯარია რომ ამბობს, რომ ჯობია, ქვეყანა იწვოდეს, ვიდრე სირცხვილი ვჭამოთ და სირცხვილის ჭამა რა იყო? სანქციებს რომ არ მივუერთდით, ხომ?

თვითონ ამ შინაარსში ვერ შევალ, მაგრამ თავისთავად, ეს რომ შეურაცხმყოფელი პასუხი გაეცა ჩვენს კოლეგას, პარლამენტარს, პარლამენტის წევრს თან მიშა ყაველაშვილს, ამას ცალკე გავუსვამ ხაზს, რომ მართლა გამორჩეულად წესიერი, ღირსეული და პატიოსანი კაცია და ქვეყანა უყვარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად ხაზგასასმელია; ასეთ კაცს შეურაცხყოფა ისედაც არ ეკუთვნის და დიპლომატიური სტანდარტების დარღვევა მართლა ისეთი რამეა, რასაც სჭირდება ყველა პარლამენტარისგან რეაგირება და შინაარსიც არის მნიშვნელოვანი“ – ამბობს ირაკლი კობახიძე პოსტ – ტვ-ის ეთერში.


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი „ოცნებიდან“ გასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, წერილი სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით. ელჩი აცხადებს, რომ მისთვის უცნაურია, როცა „ოცნების“ ყოფილი წევრების და მოქმედი ლიდერების დეზინფორმაციული ნარატივი ერთმანეთს ემთხვევა. ის სვამს შეკითხვას, თუ რა არის ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მოტივი.

მანამდე დეპუტატმა ყაველაშვილს კელი დეგნანს წერილით მიმართა და სტრატეგიული პარტნიორი იმ ძალების დაფინანსებაში დაადანაშაულა, რომლებიც „საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ”. შეგახსენებთ, რომ ამ კონსპირაციულ თეორიას დეგნანმა რუსული ეფესბეს ნარატივი უწოდა.