„ამერიკის ხმა": შტატებმა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შეიმუშავა

პუბლიკა

„ამერიკის ხმის” ინფორმაციით,  შეერთებული შტატებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს.

„ამერიკის ხმის“ ცნობით, მათ  აღნიშნულ ინფორმაციას, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. წყაროები „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, საკითხის ბუნებიდან გამომდინარე. წყაროების ინფორმაციით, მუშაობას სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”, – ამბობს ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში, ანონიმურობის დაცვის პირობით.

“იმისთვის, რომ გადაილახოს სანქციების დაწესებისთვის საჭირო ბარიერი, საჭიროა ადმინისტრაციამ დაამტკიცოს, რომ [სანქციების ობიექტის] ქმედებებმა კანონიერი ბარიერის გადალახა, რათა აჩვენოს, რომ ამ საქმიანობას რუსეთისთვის აშკარა სარგებელი მოაქვს და ადმინისტრაციამ ეს გააკეთა”, – ამბობს ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყარო.

განკარგულებით, სანქციები წესდება შემდეგ შემთხვევაში:

  1. პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი არიან მავნე კიბერაქტივობებში ან დეზინფორმაციულ კამპანიებში.
  2. ისინი, ვინც ჩართული არიან აშშ-სა და მისი მოკავშირეების დემოკრატიული ინსტიტუტებისა თუ პროცესებისთვის ძირის გამოთხრაში.
  3. ორგანიზაციები ან პირები, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ეკონომიკის გარკვეულ სექტორებში, როგორიცაა თავდაცვა და ენერგეტიკა.
  4. პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ოკუპაციას ან აგრესიას უკრაინაში.
  5. ყველა, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე, კორუფციასა და რეპრესიებზე, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან.

„ჯერ უცნობია, თუ და როდის იქნება [პაკეტი] ამოქმედებული. მაგრამ ამისთვის საჭირო სამუშაო შესრულებულია“, – განაცხადა ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ „ამერიკის ხმასთან“, იმის მითითებით, რომ ადმინისტრაცია ჯერ კიდევ იტოვებს იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება დემოკრატიულ კურსს.

დრო, თუ როდის ამოქმედდება სანქციები, ამას შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები არ ასახელებენ. ისინი არც იმას აზუსტებენ, ეს მომავალ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე მოხდება, თუ მის მერე.

„სიახლე ის არის, რომ ადრე ეს უბრალოდ განიხილებოდა, ხოლო ახლა არის პაკეტი, რომელიც მზად არის განსახორციელებლად”, – ასე პასუხობს მაღალი თანამბობის პირი შეკითხვას, თუ რამდენადაა სიახლე ის, რომ შეერთებული შტატები ამ მიმართულებით მუშაობს. წყაროს ინფორმაციით, სანქციების პაკეტი შესაძლოა ასევე მოიცავდეს ივანიშვილთან დაკავშირებულ პირებს, თუმცა თავს იკავებს დეტალების გამჟღავნებაზე.

აშშ-ის მთავრობის თქმით, 2023 წლის 22 დეკემბერს პრეზიდენტმა ახალი განკარგულებით, რომელიც შეეხება „დამატებით ნაბიჯებს რუსეთის ფედერაციის საზიანო საქმიანობის წინააღმდეგ“, შეასწორა 14024-ე განკარგულება, რათა უფრო სრულად მოიცვას რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო ბაზის მუდმივი გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხოების დარღვევას იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა ეს კიდევ ერთ გაფრთხილებას, მიმდინარე შიდა დისკუსიების მცოდნე კიდევ ერთი წყარო, რომელიც ასევე ანონიმურად საუბრობს და ამას საკითხის სენსიტიურობით ხსნის, განმარტავს, რომ „ეს ლოგიკური ვარაუდია. აშშ-ს მთავრობა იმედგაცრუებული იყო იმით, რომ ვერ შეძლო [დაერწმუნებინა] საქართველოს მთავრობა იმაში, რომ სერიოზულად აღიქვას ის ვითარება, რაშიც მათ თავი თავად ჩაიყენეს. და ვფიქრობ, ბაიდენის გარემოცვა ცდილობს აჩვენოს სერიოზულობა და იმედი აქვთ, რომ ვინმე საქართველოს მთავრობაში მათ სერიოზულად მოუსმენს“. მისი თქმით, პაკეტის მიღება „ძალზე აქტიურად განიხილება“ და ამერიკის აღმასრულებელი ხელისუფლება „მზადაა ამის გასაკეთებლად“.