„ამერიკის ხმა" ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

პუბლიკა

„ამერიკის ხმა“ (Voice of America) დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის. სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა შეიტანეს.

სარჩელის თანახმად, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) გადაწყვეტილება, რომელმაც 1,300-ზე მეტი თანამშრომელი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა და რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს დაფინანსება შეუწყვიტა, აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორების — სიტყვის თავისუფლების — უხეში დარღვევაა.

„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტები აცხადებენ, რომ აღნიშნული ნაბიჯები საფრთხეს უქმნის მედიის დამოუკიდებლობას და სერიოზულ ზიანს აყენებს დემოკრატიულ პრინციპებს, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას ეფუძნება.


ამერიკის ხმის ჟურნალისტები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) რესურსები და საქმიანობა შეზღუდა.

ასევე მედიაშე ვრცელდება ინფომრაცია, რომ VOA-ს თანამშრომლებს სამუშაო შენობებში შესვლა აეკრძალათ HR-ის აღმასრულებელი დირექტორის ნებართვის ან ზედამხედველების წინასწარი ნებართვის გარეშე.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას ითვალისწინებს, მათ შორის არის ისეთი სააგენტოები, რომლებიც მედიის, ბიბლიოთეკების, მუზეუმებისა და უსახლკარობის პრობლემის აღმოფხვრის საკითხებზე მუშაობენ.

ტრამპმა განკარგულება გასცა, რომ ეს უწყებები „მაქსიმალური მასშტაბით დაუქვემდებარონ შემცირებას”. ბრძანების მიხედვით, მათ უნდა „შეამცირონ თავიანთი კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციები და შესაბამისი პერსონალის საქმიანობა”.