„ამერიკის საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის იყენებს“ | დეპუტატების მორიგი განცხადება

პუბლიკა

მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებენ. დეპუტატების გაერთიანებას „ხალხის ძალა“ ჰქვია. მათ განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.  

„პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ღრმად ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, როგორ შეიყვანა 90-იანი წლების ბოლოდან ამერიკის საელჩომ შევარდნაძის იძულებითი თანხმობით თავისი ხალხი თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ მოსაწყობად როგორ შეიქმნა და აღიჭურვა ათეულობით ენჯეო და რევოლუციის შემდეგ როგორ ჩამოყალიბდა ხელისუფლების ვერტიკალი, რომელიც 2004-12 წლებში საელჩოს სრულ კონტროლს ექვემდებარებოდა.

შესაბამისად, თუ 80-იან და 90-იან წლებში საქართველოს სუვერენიტეტს მთავარ საფრთხეს „კაგებეშნიკები“ და რუსული სპეცსამსახურების აგენტები უქმნიდნენ, 2000-იან წლებში რუსულ აგენტურასთან ერთად სუვერენიტეტისთვის სერიოზულ პრობლემად ამერიკული აგენტურაც იქცა.

მეტიც, აგენტურის სიას თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ არაერთ შემთხვევაში კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ამერიკულ სპეცსამსახურებში პირდაპირ რუსული სპეცსამსახურებიდან ამოყვეს თავი. ეს ფაქტი თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ აგენტი სხვა სახელმწიფოს სამსახურში არა მისი პოლიტიკური ორიენტაციის, არამედ მხოლოდ უპრინციპობისა და უსამშობლობის გამო დგება”, -ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ  „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსული ხელისუფლების მთავარი ლიდერები და იდეოლოგები „ამერიკულ აგენტურაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდნენ”.

როგორც დეპუტატები ამბობენ, მათი ინფორმაციით, 2013 წელს ორი მათგანი სწორედ საელჩოს დაჟინებული თხოვნით გადაურჩა დაჭერას, როდესაც პროკურატურას მათზე სრულიად უნაკლო სისხლის სამართლის საქმეები ჰქონდა გამზადებული.

„ენჯეოების რამდენიმე ყოფილი და მოქმედი ლიდერის აგენტობაზე საზოგადოებას, ვფიქრობთ, თავისი მკაფიო წარმოდგენა აქვს შექმნილი. აგენტურა საკმაოდ სოლიდურად იყო წარმოდგენილი 2012 წლის სამთავრობო კოალიციაშიც, რის გამოც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას ამერიკელები მაშინ შედარებით მარტივად შეეგუენ.

დღეისათვის, ამ ადამიანების უმეტესობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებშია გადანაწილებული. მათგან ზოგიერთი, ჯერჯერობით, შედარებით დაბალი ჩინის აგენტები უნდა იყვნენ, თუმცა, ვხედავთ, რომ დაწინაურებისთვის ისინი მაქსიმუმს კადრულობენ.

ბუნებრივია, მიამიტები ვერ ვიქნებოდით და იმის ილუზია ვერ გვექნებოდა, რომ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აგენტურის ქსელის გარეშე იმოქმედებდა”, – ამბობენ „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები.

ისინი ამბობენ, რომ „საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებენ”.

„ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ამ საქმეში აგენტები საელჩოს მხოლოდ ბრმად მიყვებიან და ქვეყანას შეგნებულად არ ვნებენ. ეს ფაქტი აგენტების უღირსობას განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს”, – ნათქვამია წერილში. 


განცხადების ავტორმა დეპუტატებმა მმართველი პარტია და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს. ისინი ამბობენ, რომ მათი მიზანია საზოგადოებას სრული სიმართლე უთხრან და „ოცნებიდან“ წამოსვლის გარეშე ამას ვერ გააკეთებდნენ. მოგვიანებით დეპუტატებს – დიმიტრი ხუნდაძეს, სოზარ სუბარსა და მიხეილ ყაველაშვილს გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდათ. დეპუტატებმა მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს.