ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციებთან ერთად სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის მსურველთათვის უსაფრთხოების რჩევებია განთავსებული, დეპარტამენტი მოქალაქეებს ურჩევს, არ იმოგზაურონ საქართველოში.
რისკის შესახებ გაფრთხილებასთან ერთად ვებგვერდზე მოცემულია რჩევები და ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც მოგზაურობის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინონ. დეპარტამენტი მოუწოდებს მოგზაურებს, დიდი ყურადღება მიაქციონ ქვეყანაში შესვლისა და გასვლის მოთხოვნებს, ადგილობრივ კანონებსა და ადათ-წესებს.
დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია პერიოდულად ახლდება. ბოლო განახლება საქართველოს შესახებ 2021 წლის 16 ივნისს აისახა. ვებგვერდზე მოკლე რჩევები რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი:
კრიმინალის შესახებ დეპარტამენტი წერს, რომ ქვეყნაში ფართოდაა გავრცელებული ძალადობრივი ან ორგანიზებული დანაშაული. მათივე თქმით, ადგილობრივი სამართალდამცავები შეიძლება უძლურები იყვნენ სერიოზულ დანაშაულებზე რეაგირებისთვის.
„არსებობს პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური და/ან ეთნიკური არასტაბილურობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძალადობა, სერიოზული დარღვევები და/ან უსაფრთხოების რისკი“, – ვკითხულობთ ვებგვერდზე.
დეპარტამენტი ქვეყანაში ჯანმრთელობის მხრივ არსებულ რისკზეც მიუთითებს. რჩევებში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არ უნდა იმოგზაურონ კორონავირუსის გავრცელებისა და იმ კრიზისის გამო, „რომელიც ქვეყნის სამედიცინო ინფრასტრუქტურას შლის“.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე ცალკეა რეკომენდაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოგზაურობის მსურველთათვის. როგორც ვებგვერდზე აღნიშნავენ, აშშ-ის მთავრობას არ შეუძლია გადაუდებელი დახმარების გაწევა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიებზე იმოგზაურებენ.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა გამოიწვევს თქვენს დაკავებას, პატიმრობას და/ან ჯარიმას. რეგიონში ხდება ძალადობრივი თავდასხმები და კრიმინალური ინციდენტები“, – წერს დეპარტამენტი.