ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ამ უგუნურ და საშიშ თავდასხმას - საელჩო კიბერშეტევაზე

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აღნიშნავს, რომ აღშფოთებულია ცნობით კიბერშეტევის შესახებ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელდა.

მათი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ,,ამ უგუნურ და საშიშ თავდასხმას”.

,,ეს უპასუხისმგებლო ქმედება მიზნად ისახავდა მართლსაწინააღმდეგო წვდომის მოპოვებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, რომელიც დაცულია სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში.

COVID-19 პანდემიის დროს ლუგარის ცენტრმა საქართველოს საპასუხო ქმედებებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ეხმარება რა ქართველ ხალხს ჯანმრთელობის დაცვასა და სიცოცხლის გადარჩენაში.

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ამ უგუნურ და საშიშ თავდასხმას. კიბერსივრცის უსაფრთხოება დამოკიდებულია სახელმწიფოთა პასუხისმგებლიან ქმედებაზე.

ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოების სხვა თანამოაზრეებთან ერთად შევასრულებთ კიბერსივრცეში სახელმწიფოთა პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემის ვალდებულებებს.

ჩვენ მათ, ვინც ამ სისტემის მიღმა მოქმედებს, ვალდებულებების შესრულებისა და საზიანო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1 სექტემბერს უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა მოხდა ლუგარის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზებზე.

შსს აცხადებს, რომ უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული დოკუმენტაციის ნაწილი ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე და მასობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია.