„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი აანალიზებს ამერიკულ კანონს უცხოური გავლენის შესახებ და ასევე განმარტავს, არის თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონპროექტები ამერიკული კანონის მსგავსი და რა შემთხვევაში იმუშავებს ის ქართულ პრაქტიკაში.
„ძალიან საინტერესო ფაქტებს მოვიყვან, რაც ამ რეესტრის დათვალირებისას ვნახე.
- რეესტში ამ ეტაპზე მხოლოდ 736 ორგანიზაციაა დარეგისტრირებული
- მათი უდიდესი უმეტესობა (ალბათ 90 პროცენტი) კომერციული ორგანიზაციები და ფირმებია. ასევე სხავდასხვა ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოები და ლობისტური ორგანიზაციები.
- სულ 1938 წლიდან მთელი ისტორიის მანძილზე დარეგისტრურებული იყო 6 ათასი ორგანიზაცია.
- პრაქტიკულად ვერ ნახავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
- საერთოდ ვერ ნახავთ ადგილობრივ მედია საშუალებებს.
მიაქციეთ ყურადღება, აშშ საქართველოზე 100-ჯერ დიდი ქვეყანაა. 736 რომ ასზე გავყოთ მივიღებთ მხოლოდ 7-8 ორგანიზაციას! თანაც ძირითადად კომერციულ ფირმებს და არა სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. მარტივი ანალოგიით, დაახლოებით ამდენივე ორანიზაცია (7) იქნება ჩვენ რეესტრში, თუ ამერიკულ კანონს მიიღებენ და მას ისევე აღასრულებენ, როგორც ეს ამერიკაში ხდება.
ანუ, იმათ კი არ აიძულებენ დარეგისტრირებას, ვინც უცხოეთიდან შემოსულ გრანტებზე მუშაობს, არამედ ვინც უცხოური სახელმწიფოს ან ორგანიზაციის ინტერესს იცავს და ატარებს საქართველოში, ატარებს მათ პოლიტიკას, სრულად ფინანსდება მისგან.
საქართველოს ორგანიზაციების ძირითადი ნაწილი კი გრანტებს მოიპოვებს ხან ერთი ხან მეორე დონორისგან ახდენს და არავითარი დონორის წარმომადგენელი არ არის. ასეთ მაგალითს ამერიკულ რეესტრში ვერ ნახავთ!
ჩვენ პარლამენტში კანონპროექტის ინიცატორები ირწმუნებიან, რომ ამერიკული კანონის უცვლელად მიღებას აპირებენ, მაგრამ ამავე დროს ამბობენ, რომ ყველას დაარეგისტრირებენ ვინც 20% დაფინანსებას იღებს უცხოური გრანტების სახით. ეს კი ამერიკულ კანონში არ წერია. იქ ორგანიზაცია სრულად უნდა ფინანსდებოდეს ერთი უცხოური პატრონისგან.
რა თქმა უნდა, ასეთ კანონს, რომელიც მათ არაფერს მისცემს, ხელისუფლება არ მიიღებს. სწორედ ამიტომ დაინიცირდა ორი კანონი. ტაქტიკა ასეთია – განხილვებზე საუბრობენ ამერიკულ კანონზე (რომელიც მართლაც არ არის არასამთავრობოების წინააღმდეგ), ამავე დროს პროცედურულად გაყავთ მეორე კანონიც, რომელიც რუსულის კალკია. ბოლო ეტაპზე ამ ორ კანონს გააერთიანებენ და ამერიკული კანონის სახელით გაიტანენ ჰიბრიდულ ვარიანტს, რომელსაც ისეთ სახეს მისცემენ, რომ ის მხოლოდ არასმათავრობო ორგანიზააციებს შეეხება და მათ ტოტალურად შეიყვანენ “აგენტების” რეესტში.
თუმცა უხერხული სიტყვა „აგენტი” შეიძლება ჩამოაცილონ, მაგრამ მთავარი შინაარსია და არა ფორმა. ამ კანონონის საშუალებით არასამთავრობო ორგანიზაციებს შეავიწროვებენ და მუშაობის საშუალებას არ მიცემენ გამუდმებული შემოწმებებით და ჯარიმებით.
განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ასევე იურიდიული განათლების პირებს მოვუწოდებ დაათვალიერონ და კარგად ჩაწვდნენ ამ ბმულზე მოცემულ რეესტრს და მაქსიმალურად გაუზიარონ მეგობრებს. თავადაც გამოიჩინონ სამოქალაქო აქტიურობა. არ დავუშვათ მანიპულაციებით საკანონმდებლო სივრცის მორგება მმართველი გუნდის და, შესაძლოა, მტრული სახელმწიფოს ინტერესებზე“, – წერს გოგოლაშვილი სოციალურ ქსელში.